ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

1-ელი იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა, გავრცელების არეალები კი კახეთი, იმერეთი და სამეგრელოა. ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დაავადების შემთხვევათა 56% ძირითადად, 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებშია გავრცელებული.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, გამორიცხული არ არის, რომ დაავადება კიდევ უფრო გავრცელდეს, ამიტომ წითელას საწინააღმდეგოდ მთავრობის სპეციალური განკარგულება მომზადდა, სადაც წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებებია გათვალისწინებული.

„ვაპირებთ, პრევენციული ღონისძიებების გატარებას. წითელას გავრცელების 8%-9% დაახლოებით, 0-დან 1 წლამდე ბავშვებზე მოდის, რაც იმას მიანიშნებს, რომ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა დედებს არ ჰქონდათ გაკეთებული, არც წითელა ჰქონდათ გადატანილი და ამიტომ მოხდა მისი ბავშვებში განვითარება. წითელას თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია. ყველა დედამ უნდა გადაამოწმოს აცრების ისტორია, თუ ბავშვს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული არ აქვს, უნდა მიიყვანოს და აცრას. აღნიშნულ აცრას აფინანსებს სახელმწიფო და ყველასთვის უფასოა. წითელას გავრცელების არეალები არის კახეთი, იმერეთი და სამეგრელო, აჭარაში დაავადებასთან საბრძოლველად სერიოზული ღონისძიებები გავატარეთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა