ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილს ბრალს დღეს საავადმყოფოში წარუდგენენ

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ადუაშვილი კვლავ კლინიკაში რჩება. ის საავადმყოფოდან დღეს უნდა გაეწერათ, თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სისხლძარღვთა ქირურგმა, მინდია ბოცვაძემ განუცხადა, ადუაშვილს დღეს დილით მაღალი ტემპერატურა და დაბალი წნევა ჰქონდა, რის გამოც, მისი სტაციონარში დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დაბალი წნევა, მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც, საჭიროდ ჩავთვალეთ კლინიკაში დაგვეტოვებინა. ჭრილობები ნორმალურად აქვს, დინამიკა უკეთესია და ზოგადი მდგომარეობაც ბევრად უკეთესია“, - აცხადებს ბოცვაძე.

ექიმი ვარაუდობს, რომ ადუაშვილს კლინიკიდან ხვალ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ გაწერენ.

„წინასწარ ვერ გეტყვით, ხვალ შევაფასებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, დიდი ალბათობით, ხვალ გავწერთ კლინიკიდან“, - დასძენს ქირურგი.

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, გიორგი ადუაშვილსა და მის მეგობარს, კონსტანტინე ჯორბენაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, გ.ა.-მ, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გ.ა. დააკავა. გ.ა საავადმყოფოშია მოთავსებული და სამართალდამცველებთან მისი დაჭრის ფაქტზე არ თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მის დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით , საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

პოლიციამ დაკავებული გ.ა.-ს მეგობარი კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი