გიგი უგულავა - კახა კალაძის მესიჯი დღეს იყო ხელის გაშვერა სხვისკენ და გადაბრალება

თბილისის ყოფილი მერის და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „დღეს სახე გამოაჩინა და მთელი მისი მესიჯი არის გადაბრალება და ხელის გაშვერა სხვისკენ“.

ამის შესახებ უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში განაცხადა.

„მე სამძიმრის იქით არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, რადგან მიმაჩნია, რომ არის საკითხები, რომლის პოლიტიზირება არ უნდა მოვახდინოთ. იქნები ოპოზიციაში, თუ ხელისუფლებაში განსაკუთრებით მაშინ, თუკი არჩეული მერი ხარ. გუშინ ვაკვირდებოდი და კალაძე იკავებდა თავს, თუმცა დღეს გამოაჩინა სახე და როგორც ჩანს იმის ნაცვლად, რომ საქმით იყოს დაკავებული, მთელი მისი მესიჯი დღეს იყო ხელის გაშვერა, გადაბრალება. ნამდვილად ასეა, ექსპლუატაციაში მიღებასთან ნამდვილად არ არის კავშირში და არც უნდა იყოს კომუნალური სისტემების დაერთება. 2009 წელს მოხდა ჯარიმებისგან გათავისუფლება იმ შენობების, რომლებშიც ექსპლუატაციაში შესვლამდე ცხოვრობდნენ ადამიანები. კანონის ცვლილება კი არ არის სწორი, არამედ კანონის აღსრულება არის მთავარი. მე-7 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრი იყო, ყოფილი მერი ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში მუშაობს და თუ რამე არ მოსწონდათ, მათ შეეძლოთ შეეცვალათ, ამიტომ დღეს საუბარი იმაზე, რა მოხდა 10 წლის წინ, როცა გუშინ შენობა ჩამოგენგრა და შენ ხარ ქალაქის არჩეული მერი, არის უსინდისობა და მე აქ დავსვამ წერტილს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეს, კანონით, ადამიანებს შეუძლიათ იმ შენობებში ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა კანონში ის ცვლილებები, რომელიც დღეს პრობლემებს ქმნის.

„რაც შეეხება თვითონ კანონს, რომელიც განსაზღვრავს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას, მინდა წარმოვადგინოთ კანონი „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“. ამ კანონში 2006 წელს იყო მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა ობიექტის ფუნქციონირებას ექსპლუატაციაში მიუღებლად, იყო მთელი რიგი ჯარიმები, ანუ კანონით იყო აკრძალული, ანუ შეუძლებელი იყო იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა და ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გამოდის და რაღაც ცრუ ბრალდებებით ცდილობს პოლიტიკურ სპეკულაციებს, 2009 წელს განახორციელეს ცვლილება და ზუსტად ეს მუხლი საერთოდ ამოიღეს კანონიდან. ანუ, დღეს კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს