მამუკა ბახტაძე - ლიეტუვა არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორმატში იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

ლიეტუვა არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორმატში იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ლიეტუველ კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა როგორც რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ისე - პრეზიდენტთან.

“ჩვენ გვაქვს ორმხრივი ურთიერთობის ძალიან ბევრი მიმართულება, რომელიც აქტიურად ვითარდება. ვაჭრობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ვფიქრობთ, ამ მიმართულებით დამატებითი პოტენციალი არსებობს. შესაბამისად, უახლოეს მომავალში გაიმართება მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელზეც შევეცდებით, გამოვავლინოთ ახალი მიმართულებები ეკონომიკური თანამშრომლობის უკეთ განსავითარებლად. ლიეტუვას ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს ინოვაციებში და “სტარტაპების” ეკოსისტემის შექმნაში. ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ამ მიმართულებით და ლიეტეუვა ამ თვალსაზრისითაც აქტიურ მხარდაჭერას გაგვიწევს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის მგზავრთაკადის ზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თბილისი-ვილნიუსს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება, რაც მიმდინარე წელს იგეგმება.

“მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო ლიეტუვის მხრიდან ყოველდღიურად გრძნობს, ძალიან მნიშვნელოვანია. ლიეტუვა ევროსტრუქტურებსა და ნატოში ჩვენი აქტიური მხარდამჭერია. ჩვენ გვაქვს ახალი სამოქმედო გეგმა და ინიციატივები, რომ საქართველო კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ბუნებრივია, ლიეტუვის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ეს მხარდაჭერა დღეს კიდევ ერთხელ მივიღეთ, რისთვისაც მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს”,- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ვილნიუსის უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძველ, ძალიან მდიდარი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტში, ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებთან, რომლებიც ქართულ ენას ეუფლებიან, საინტერესო და მნიშვნელოვანი საუბარი შედგა.