ვაკის ფალავანთა კლუბთან დაკავებული გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება

ვაკის ფალავანთა კლუბთან, მოჭიდავეები, ნაკრების წევრები და მწვრთნელები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად აქციას მართავენ.

როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ განუცხადა, სპორტსმენების თხოვნაა, რომ ფაქტი დროულად იქნას შესწავლილი და ფედერაციის ხელმძღვანელობა დაუბრუნდეს თავის სამუშაო ადგილს.

„ჩვენი თხოვნაა, რომ ფედერაცია რა წარმატებულ გზაზეც დგას, გააგრძელოს იმავე გზაზე სვლა. გვინდა არ გვინდა, ვარჯიშში ხელი გვეშლება. ჩვენ გვსურს, რომ ვარჯიში გავაგრძელოთ. თხოვნა გაქვს, რომ ეს ფაქტი დროულად იქნას შესწავლილი და ფედერაციის ხელმძღვანელობა დაუბრუნდეს თავის სამუშაო ადგილს. ძნელია, როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, ახსენებენ შენს მშობლებს, ასეთ დროს თავის შეკავება ძნელია, ქართველი კაცის ბუნებაში ეს არ ჯდება. შეიკრიბება პრეზიდიუმი, რომელზეც განიხილავენ ყველა დეტალს და იქ გაარკვევენ ვინ არის დამნაშავე", - განაცხადა გიორგი იანტბელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა