ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭო და „კლანი“ იმ კანონებმა გააძლიერა, რომელიც პარლამენტში მათთვის დაიწერა

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ბევრი რამ იწერებოდა, რაც მიხეილ ჩინჩალაძესა და მის „კლანს“ გაძლიერებაში უწყობდა ხელს, თუმცა მაშინ არავის მიუქცევია ყურადღება, რომ სპეციალურად ჩინჩალაძისთვის დაწერილი ნორმები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ნელ-ნელა ასამარებდა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა.

ჯანეზაშვილმა ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და “კლანი“ იმ კანონებმა გააძლიერა, რომელიც პარლამენტში მისთვის დაიწერა.

“პარლამენტმა სასამართლოში არსებულ პრობლემებზე მხოლოდ მაშინ დაიწყო საუბარი, როცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების სია გაუგზავნა - გაუგზავნა იმიტომ, რომ იმას, რაც საბჭომ მოიმოქმედა, წარდგენას ვერ დავარქმევთ.

რატომ არავინ შეშფოთდა აქამდე იმით, რომ მიხეილ ჩინჩალაძე საქართველოში პირველი უვადოდ დანიშნული მოსამართლეა?! იგი ამავდროულად თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. ასევე უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლეები არიან დიმიტრი გვრიტიშვილი, სერგო მეთოფიშვილი, რევაზ ნადარაიაც, ირაკლი შენგელიაც, ვასილ მშვენიერაძეც, ირაკლი ბონდარენკოც. საერთო ჯამში, 146 მოსამართლე ანუ მოსამართლეთა დაახლოებით 50% უკვე უვადოდ არის დანიშნული.

მოსამართლის უვადოდ დანიშვნა დამოუკიდებლობის უმაღლესი გარანტიაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა დანიშვნები ობიექტური პროცესის შედეგია. დავაკვირდეთ დიმიტრი გვრიტიშვილის პოსტებს - ადამიანის, რომელიც სასამართლოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი პირია და დავრწმუნდებით, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო რეფორმა არც კი ჩატარებულა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ნაზი ჯანეზაშვილმა.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი განმარტავს, ორგანულ კანონში ბევრი რამ იწერებოდა, რაც მიხეილ ჩინჩალაძესა და მის „კლანს“ გაძლიერებაში უწყობდა ხელს, თუმცა მაშინ არავის მიუქცევია ყურადღება, რომ სპეციალურად ჩინჩალაძისთვის დაწერილი ნორმები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ნელ-ნელა ასამარებდა.

“მაგალითად, პარლამენტმა გასულ წელს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, სააპელაციო სასამართლოში უფრო ვიწრო სპეციალიზაციის განხორციელების უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა. საბჭომ კი თავის მხრივ, პირდაპირ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს - მიხეილ ჩინჩალაძეს ერთპიროვნულად შესაძლებლობა მისცა, განსაზღვროს რომელი მოსამართლე რომელ საქმეთა კატეგორიაში იმუშავებს. ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ანუ მიხეილ ჩინჩალაძის ხელშია ძალიან სერიოზული ძალაუფლება, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. მივიღეთ ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელს პარლამენტისა და შესაბამისად კანონებისკენ იშვერდა და თავის მხრივ, პარლამენტი დღესაც ამბობს, რომ მხოლოდ იუსტიციის საბჭოა პასუხისმგებელი. ასე არ არის - იუსტიციის უმაღლესი საბჭო და „კლანი“ იმ კანონებმა გააძლიერა, რომელიც პარლამენტში მისთვის იწერებოდა“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა