ნინო სანდოძე - სასამართლო ხელისუფლების მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხორციელდება

სასამართლო ხელისუფლების მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაციაა, რაც საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილმა კანდიდატმა, მოსამართლე ნინო სანდოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე დააფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას მოსამართლეთა სიის წარდგენის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

"მე მზად ვარ დავემორჩილო იმ კრიტერიუმებს, რომელიც შემუშავდება. დაკმაყოფილების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვექნება ჯანსაღი ამბიცია განვაცხადოთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე. რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, მინდა გითხრათ, რომ მოსამართლის ქცევის წესებით, მოსამართლე მის მიერ განხილულ საქმეებთან დაკავშირებით შეზღუდულია, რომ გააკეთოს რაიმე კომენტარი. ვხედავთ, რომ კომენტარს აკეთებენ მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ესენი არიან ის მაღალი ლეგიტიმაციის ადამიანები, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია. მათ მიიღეს მოსამართლეების დიდი ნდობა რათა გამხდარიყვნენ საბჭოს წევრები. შესაბამისად, ისინი სარგებლობენ ამ მანდატით და აკეთებენ განცხადებებს. მოსამართლეთა კონფერენცია ერთ-ერთი ტრიბუნაა, სადაც მოსამართლეს უფლება აქვს დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმ მოვლენებზე, რომელიც ქვეყანაში ახლო წარსულში განვითარდა. მხედველობაში მაქვს, ის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რაც ხორციელდება სასამართლო ხელისუფლების მიმართ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თუ რას დააფიქსირებენ საერთო სასამართლოების მოსამართლეები. თუ მომეცემა შესაძლებლობა, დავაფიქსირებ იმ პროტესტს, როგორც რიგითი მოსამართლე, რომ დაუშვებელია ამგვარად განხორციელდეს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა. მხედველობაში მაქვს მოსამართლეების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დისკრედიტაცია. მათ მიმართ არაეთიკური და სიძულვილის ენით გამოთქმული წინადადებები. ეს ყველაფერი ზიანს აყენებს სასამართლო ხელისუფლებას, საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. პირი, რომ მოსამართლედ დაინიშნოს, მან უნდა გაიაროს კეთილსინდისიერების და კომპეტენციის კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები ამ მოსამართლეებს გავლილი და დაძლეული აქვთ“, - განაცხადა ნინო სანდოძემ.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ათკაციანი სიის განხილვის შეჩერებას, სანდოძის თქმით, სიის განხილვის შეჩერება იმ ნეგატიური კამპანიის წარმოების გამო მოითხოვეს კანდიდატებმა, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი.

"სიის უკან გაწვევის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმ კამპანიიდან გამომდინარე, რომელიც აგორდა და რომელიც ჩრდილს აყენებდა ჩვენს კანდიდატურებს. ჩვენ არ მოგვეცა ღია ტრიბუნა დაგვეფიქსირებინა ის პოზიციები, თუ რას ვფიქრობთ იმ საქმეებზე, რაც გამოითქმის ჩვენს მიმართ, თითქოს უკანონო გადაწყვეტილებებს აქვს ადგილი. ვფიქრობდით, რომ პარლამენტის კომიტეტში მოგვეცემოდა ამის დაფიქსირების საშუალება, თუმცა ამ საკითხის განხილვა გადაიდო. თუ მომავალში ამის საშუალება გვექნება, აუცილებლად დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას", - განაცხადა ნინო სანდოძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა