პროკურატურა ვაკის გამგებლის მოადგილის და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს

ვაკის გამგებლის მოადგილემ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ინვესტორი, რომელმაც მასთან ერთად დაგეგმა ქრთამის აღების პროცედურები და ეხმარებოდა ივანეიშვილს ქრთამის აღებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს წყალტუბოს საკრებულოს დაკავებული თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილისა და ვაკის გამგებლის მოადგილის, თეიმურაზ ჩოჩუას საქმის პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და ქრთამის აღების დახმარებაზე დაკავებული მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ, ბრალდების მხარე მათ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.

„ბრალდების მხარე ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუკი ეს პირები გარეთ იქნებიან, არსებობს ვარაუდი, რომ საქმეზე დასაკითხ მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენენ და ასევე ხელს შეუშლიან საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას.

არსებობს როგორც ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ასევე მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ერთობლივად ადასტურებენ აღნიშნული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულს. ეს მოწმეები არიან, როგორც უცხოელი ინვესტორი, ასევე საკრებულოს თანამშრომლები", - განაცხადა გოზალიშვილმა.

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.

ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში“, - ნათქვამია აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი