ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი - გულწრფელად ვწუხვარ გენერალური პროკურატურის ასეთ სამარცხვინო განცხადებაზე

ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ დაცვის მხარეს პროკურატურისათვის მომავალი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ სამოქმედო გეგმა არ წარუდგენია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა სამარცხვინოდ ცრუობს, თითქოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრაზე შევთანხმდით ჩვენი მხრიდან კონკრეტული საგამოძიებო გეგმის წარდგენაზე. პირიქით, ეს გეგმა სწორედ მათ უნდა მოემზადებინათ, რომელიც შემდგომ ერთობლივად უნდა დაგვემუშავებინა და ჩვენი შეხედულებები გაგვეზიარებინა. ექსპერტების ჩართულობაზეც მას შემდეგ ვიმსჯელებდით. ეს ლოგიკურიცაა მაშინ, როდესაც გამოძიების მასალებთან სრულფასოვანი წვდომა, მათ შორის დახურულ ოპერატიულ ინფორმაციასთან მხოლოდ გამოძიებას აქვს და ბუნებრივია მათი ვალდებულებაა ასეთი გეგმა წარმოადგინონ. ნაცვლად ამისა, დღეს განმიცხადეს, რომ ახალი წლების გამო ზოგი საქეიფოდ იყო, ზოგი უქეიფოდ, ამიტომ რამე კონკრეტული არაფერი აქვთ სათქმელი. ამ ერთი თვის განმავლობაში არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ. ორი კვირაა მათთან შეხვედრას ვცდილობ და დღეს ძლივს მოიცალეს“,- განაცხადა გიგუაშვილმა.

მისივე თქმით, პროკურატურის დღევანდელი განცხადება „არაეთიკურია და აშკარა წინასწარ დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაციაა, რათა ამით პროკურატურამ საკუთარი უმოქმედობა გადაფაროს“.

„მე თუ გამოვიძიე და გეგმა გავუკეთე, მაშინ ან გამომძიებელი რა საჭიროა ან პროკურორი. ამიტომაც ვითხოვდით ჩვენს მიერ შერჩეულ პროკურორს გაეგრძელებინა გამოძიება, თუმცა ბატონმა შალვა თადუმაძემ შეხვედრისას საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და მას იმ ეტაპზე ვენდეთ კიდეც. მათ ნაცვლად ვწუხვარ ასეთ სამარცხვინო განცხადებაზე და მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ იმ გამომძიებლებს და პროკურორებს, რომლებმაც პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს. ჩვენი გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ“,- აცხადებს გიგუაშვილი.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის პროკურორთან და გამომძიებელთან გამართულ შეხვედრაზე ადვოკატს არ წარუდგენია კონკრეტული გეგმა და ხედვა დამატებით ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა