თამარ ჩუგოშვილი - აშშ-ს  მხრიდან საქართველოს ყველა მიმართულებით სრულიად უპირობო მხარდაჭერა აქვს

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრულიად უპირობო მხარდაჭერა აქვს ყველა მიმართულებით - ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების, საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ამერიკის კონგრესში გამართული შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელიც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ჯერი კონოლისთან და ადამ კინზინგერთან და ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარის მოადგილესთან დევიდ პრაისთან.

„ჩვენ შევხვდით კონგრესის სამ ძალიან მნიშვნელოვან წევრს. სამივე მათგანი ჩვენს ქვეყანს ძალიან კარგად იცნობს, ბევრჯერ არიან საქართველოში ნამყოფი და საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ ჩვენი ქვეყნის შესახებ. ჯერი კონოლისთან და დევიდ პრაისთან ძალიან საინტერესოა ყოველთვის საუბარი პარლამენტის გაძლიერებაზე, პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებაზე, საარჩევნო თემებზე, საარჩევნო რეფორმებზე და ა.შ. რასაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ მათთან თანამშრომლობით, ამერიკულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ისინი ყოველთვის გვეხმარებიან ამ პროცესში“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარის მოადგილემ, დევიდ პრაისმა შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ საუბარი შეეხო კანონპროექტს „საქართველოს მხარდამჭერის აქტის“, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

„ორივე პარტია მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ მიმდინარე წელს ვეწვევით საქართველოს და შევძლებთ უფრო დეტალურად ვესაუბროთ ჩვენს კოლეგებს გამოწვევებზე. ვიცით, რომ საქართველოს, ისევე როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, აქვს პრობლემები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციას უსმენენ საქართველოში, დაცულია კანონის უზენაესობა, მიმდინარეობს სასამართლო რეფორმა. მე მხარს ვუჭერ ამ პროცესებს“,- განაცხადა დევიდ პრაისმა.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ადამ კინზინგერის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მიმდინარე წარმატებული რეფორმების თაობაზე. მისივე თქმით, საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა.

„როგორც საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ახალი ხელმძღვანელი ძალიან მოხარული ვარ ამ შეხვედრის. მე უკვე ორჯერ ვესტუმრე საქართველოს და კვლავაც ჩამოვალ. ჩვენ კარგად გვესმის საქართველოსთან მეგობრობის მნიშვნელობა და ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას. ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს თუ გადავხედავთ, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ ჩვენ პოლიტიკურად დაყოფილები ვართ - დემოკრატებად და რესპუბლიკელებად, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ ერთიანი ვართ საქართველოს მხარდაჭერაში. ჩვენ ასევე კარგად გვესმის ის როლი, რასაც რუსეთი თამაშობს მსოფლიოში და ეს არ არის დადებითი როლი. რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივას, საქართველოს ერთგული მეგობრები ჰყავს, ისევე როგორ დემოკრატებში, ასევე რესპუბლიკელებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა ადამ კინზინგერმა.

საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ჯერი კონოლის განცხადებით, საქართველო არის მაგალითი და მენტორი რეგიონში.

„შეხვედრაზე მოვისმინეთ ინფორმაცია საქართველოს პროგრესის, დემოკრატიის განვითარების თაობაზე და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ ასევე სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე ვისაუბრეთ, და აღვნიშნეთ, რომ საქართველო არის მაგალითი და მენტორი რეგიონში თუნდაც ისეთი ქვეყნისათვის, როგორიცაა სომხეთი, და რომელსაც უნდა წინსვლა და დემოკრატიული განვითარება. ჩვენ ვისაუბრეთ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, აქ მიმდინარე მოვლენებზე, და გამოვხატეთ იმედი, რომ house democracy პროექტი, რომელიც არის კონგრესმენებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობს საპარლამენტო რესპუბლიკებთან მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, რომლებსაც სურთ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთხელ ვეწვევით საქართველოს გაზაფხულზე. თუკი ევროპის სხვა ქვეყნებს გადავხედავთ, ვნახავთ რომ დემოკრატია შეიძლება მყიფეც იყოს და ასევე მტკიცეც, და თუკი არ არსებობს ფუნდამენტალური მზაობა და ნება დემოკრატიისკენ სწრაფვისა, დემოკრატია გაუარესდება. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რის გაკეთება შეგვიძლია, რომ ესე არ მოხდეს საქართველოში. მე მოხარული ვარ, როდესაც ვხედავ, რომ საქართველოს პარლამენტში კარგად ესმით. მათ ესმით და პატივს სცემენ ოპოზიციას, და პატივს სცემენ არჩევნების შედეგებს რადგან ეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის ქვაკუთხედებია - პატივი ვცეთ შედეგებს მაშინაც კი, თუკი ჩვენ ეს არ მოგვწონს. მე ხელახლა წარვადგინე კანონპროექტი, რომ გამომეხატა კონგრესის მხარდაჭერა საქართველოსადმი, ქართველი ხალხისა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი და იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი გავა ახალ კონგრესში, - განაცხადა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატების დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. საპარლამენტო დელეგაციაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა