საია-მ გერისათვის მემკვიდრეობის უფლების აკრძალვის კონსტიტუციურობის დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გერისათვის მემკვიდრეობის უფლების აკრძალვის კონსტიტუციურობის დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

როგორ „ინტერპრესნიუსს“ საია-დან აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაციამ გიორგი ხორგუაშვილის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საია სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ გერი არ წარმოადგენს თავისი დედინაცვლის ან მამინაცვლის კანონით მემკვიდრეს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დედინაცვალს ან მამინაცვალს არ ჰყავს სისხლით ნათესავები და ანდერძი არ შეუდგენია გერის სასარგებლოდ. თუკი დედინაცვალს ან მამინაცვალს არ ჰყავს ახლო ნათესავები, გერის ნაცვლად, მისი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს კანონით მემკვიდრეთა ხუთ რიგს, რომელთაც მემკვიდრეობით გადაეცემათ გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება, თუკი გარდაცვალების წინ ადამიანს ანდერძი არ დაუწერია. მემკვიდრეთა პირველ რიგში შედიან მამკვიდრებლის მეუღლე, შვილები და მშობლები. პირველი რიგის მემკვიდრე შეიძლება იყოს შვილიშვილიც, თუკი ბებიის ან ბაბუის გარდაცვალების მომენტისათვის ცოცხალი არ იყო მისი მშობელი - მამკვიდრებლის შვილი. თუკი სახეზე არ არიან პირველი რიგის მემკვიდრეები, ქონება გადადის შემდეგ რიგში მყოფ კანონით მემკვიდრეებზე. მეორე რიგში შედიან დები და ძმები, ასევე დისშვილები და ძმისშვილები, თუ ცოცხლები არ არიან მამკვიდრებლის დები და ძმები. მესამე რიგში შედიან გარდაცვლილის ბებია და ბაბუა. მეოთხე რიგში ბიძები, დეიდები და მამიდები. მეხუთე რიგში ბიძაშვილები, მამიდაშვილები და დეიდაშვილები ან მათი შვილები. თუკი მამკვიდრებელს არ დარჩა მეხუთე რიგის ერთი მემკვიდრეც კი, მაგრამ დარჩა გერი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე არჩენდა თავის დედინაცვალს ან მამინაცვალს, ამის მიუხედავად, ქონება მაინც გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

სამოქალაქო კოდექსის 1226-ე მუხლი აკისრებს დედინაცვალს და მამინაცვალს არასრულწლოვანი გერისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულებას, თუ გერს არა აქვს შესაძლებლობა, ალიმენტი მიიღოს საკუთარი მშობლებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 1227-ე მუხლი გერსაც აკისრებს თავისი შრომისუუნარო დედინაცვლისა ან მამინაცვლის რჩენის ვალდებულებას. ამ ვალდებულების მიუხედავად, გერი და დედინაცვალი (მამინაცვალი) ვერასოდეს გახდებიან ერთმანეთის მემკვიდრეები, თუნდაც სიცოცხლეში არჩენდნენ ერთმანეთს და მათ სხვა ბიოლოგიური ნათესავები არც ჰყავდეთ“, - ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საია ასევე დავობს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის კონსტიტუციურობაზე.

„ამ ნორმის მიხედვით მოხუცთა თავშესაფარს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა მოხუცზე, გადაეცემა გარდაცვლილი ბენეფიციარის ქონება, თუკი გარდაცვლილს არ დარჩა პირველიდან მეხუთე რიგის ჩათვლით კანონით მემკვიდრეები. ეს ნორმა გერს მოხუცთა თავშესაფართან შედარებით აყენებს დისკრიმინირებულ მდგომარეობაში. გერიც ოჯახურ გარემოში შესაძლოა ისევე ზრუნავდეს საკუთარ მოხუც დედინაცვალზე (მამინაცვალზე), როგორც ამას მოხუცთა თავშესაფარი აკეთებს თავისი ბენეფიციარის მიმართ. ამის მიუხედავად, გარდაცვლილის ქონებას იღებს მოხუცთა თავშესაფარი, მაგრამ დედინაცვლისა და მამინაცვლის ქონებას ვერ მიიღებს გერი. საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
„ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდისას მომხმარებლებს საჩუქრები ელით
"რომპეტროლის" ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „პეტრომიდიამ“ 40 წლის იუბილე აღნიშნა