ურუგვაელი მწერლის, მარიო ბენედეტის რომანების პირველი ქართული გამოცემის წარდგენა „სტამბის წიგნებში“ გაიმართება

12 თებერვალს, მაღაზიაში „Stamba's Books _ სტამბის წიგნები“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი თარგმანის, ურუგვაელი მწერლის, მარიო ბენედეტის რომანების - „სულის მოთქმა“ და „მადლობა ცეცხლისთვის“ წარდგენა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობა „პალიტრა L”-დან აცნობეს, წიგნს წარადგენენ მთარგმნელი, ელზა ახვლედიანი და რედაქტორი, მაია ალუდაური.

მათივე ინფორმაციით, ლიტერატორი, ზაალ ჩხეიძე საჯარო ლექციას წაიკითხავს მწერლისა და მისი შემოქმედების შესახებ. ღონისძიებაზე წიგნი 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

თანამედროვე რეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლისა და არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელი რომანისტის, ესეისტისა და პოეტის, მარიო ბენედეტის რომანები ქართულ ენაზე პირველად გამოიცა. წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცა სერიაში „ლიტერე ინვენტე“.

„მარიო ბენედეტი სამხრეთ-ამერიკული ლიტერატურის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ყველაზე საკითხავი მწერალი, არა მხოლოდ ესპანურენოვან მკითხველში, არამედ მთელ ევროპაში, შეიძლება ითქვას. ვფიქრობთ, რომ მისი წიგნი ძალიან კარგი შენაძენი იქნება ჩვენი მკითხველისთვის“,- ამბობს წიგნის რედაქტორი, მაია ალუდაური.

მარიო ბენედეტის რომანები „სულის მოთქმა“ და „მადლობა ცეცხლისთვის“ ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა.