ზურაბ დათუნაშვილი - ნინო ლომჯარია ყველაფერში გაერკვა და მხარდაჭერას მიცხადებს

ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონის ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, მან სახალხო დამცველისგან უდიდესი მხარდაჭერა მიიღო. ამის შესახებ დათუნაშვილმა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„მადლობას ვუხდი სახალხო დამცველს, რომ დაინტერესდა ჩემი საკითხით. მე მოვუყევი აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არის და მივიღე უდიდესი მხარდაჭერა. ნინო ლომჯარია დაინტერესდა, გაერკვა ყველაფერში და მიცხადებს მხარდაჭერას. რაც მათ შესაძლებლობებშია, ყველაფერს გააკეთებენ. მიხეილ ყაველაშვილი იყო პირველი სახელმწიფო მოხელე, რომელიც დაინტერესდა ჩემი საკითხით და შევხვდი კიდეც მას. რაც შეეხება სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიურ კომიტეტს, იქიდან არავინ დამკავშირებია. გავეცანი ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის ლერი ხაბელოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის პირადად იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მე ვივარჯიშო და ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოვიპოვო, მაგრამ ზუსტად ამ სალიცენზიო ტურნირებამდე მისვლა არის საჭირო. ლიცენზიის არ მეშინია, ორჯერ მაქვს მოპოვებული. პრობლემა არის ის გზა, რომლის გავლაც ამ ეტაპამდე მისასვლელად არის საჭირო“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა