ქართული პრესის მიმოხილვა 07.02.2019

ივანიშვილის მინიშნება თანაპარტიელებს და “ამბოხებული” დეპუტატების გადაწყვეტილება

როგორ გააკონტროლებენ შვეიცარიელი მებაჟეები ტვირთბრუნვას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის გავლით

“აშშ-ს სამხედრო ჩარევა მოსალოდნელია, თუ მადურო ხალხის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს”

* * *

ივანიშვილის მინიშნება თანაპარტიელებს და “ამბოხებული” დეპუტატების გადაწყვეტილება

“მიდიან თუ რჩებიან, რა მინიშნება გააკეთა ივანიშვილმა ე.წ. ამბოხებული დეპუტატების მისამართით და ვის მიუთითეს ირიბად ღია კარისკენ - ესაა კითხვები, რომელიც “ოცნების” სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის წევრების განცხადებების შემდეგ დარჩა. როგორც ჩანს, ეკა ბესელიამ და მისმა მეგობრებმა ივანიშვილისგან მიიღეს მინიშნება, რომ, თუ გუნდის წესებით არ ითამაშებენ და პარტიისთვის გარედან დარტყმას განაგრძობენ, მაშინ მათი ადგილი გუნდში აღარ რჩება. ბესელიამ და მისმა მეგობრებმა დატოვონ თუ არა პარტია, ამის მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე აიღეს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბესელია და მისი თანამოაზრეები ისედაც განწირულები არიან და ისინი იძულებულები არიან პარტიიდან წასვლაზე გადაწყვეტილება თავადვე მიიღონ, რადგანაც მათ ადრე თუ გვიან გუნდის დატოვება მაინც მოუწევთ. მათი აზრით, პარტიაში მხოლოდ ერთი მასპინძელი - ივანიშვილია, რომელიც თავადვე გადაწყვეტს, ვინ სტუმარია, ვინ მასპინძელი და ვინ კიდევ მდგმური”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ივანიშვილის მინიშნება თანაპარტიელებს და “ამბოხებული” დეპუტატების გადაწყვეტილება.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს თქვა, რომ დავასრულოთ საჯარო დისკუსია და შიგნით ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, კარგია, რომ შიგნით ვისაუბროთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც გარეთ უნდა ესაუბრო ხალხს”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ “ქართული ოცნების” ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის წევრებს შორის ღირებულებათა და ფასეულობათა კონფლიქტია. ბესელია ამბობს, რომ დადგა გადაწყვეტილების ეტაპი. ამიტომ მან პირადად, რამდენიმე დღე აიღო იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. “ალბათ, დადგა და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ღირებულებებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით, ჩვენ ერთ პოზიციაზე ვახერხებთ, რომ დავინახოთ ერთიანი სვლა, თუ ვერა. ეს ეტაპი უკვე დღეს დავინახე, რომ ძალიან ახლოს მოვიდა. ამიტომ, სწორედ იქიდან გამომდინარე, არ მინდა რაიმე ჩვენი ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის და მისი ძალადობრივი რეჟიმის რეანიმირებას და მის მობრუნებას”, - განაცხადა ბესელიამ, რომლის თქმით, მას არ სურს იმ ძალადობრივ სისტემას მიეცეთ რაიმე შანსი, რომ მოტრიალდეს და ისევ აიღოს ხელში ძალაუფლება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამიტომ, მგონია, რომ უნდა დავინახოთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს. მე, პირადად, ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო - ჩვენ შევძლებთ თუ ვერა ამ ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებას და ერთად გაგრძელებას, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას”, იმ პარტიას, რომლის დამფუძნებელიც ვარ. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური პროცესია, მაგრამ არის გადაწყვეტილების ეტაპი”, - ამბობს ბესელია. არაკორექტულია ის, რომ იყო გუნდის შიგნით და ურტყამდე გუნდს გარედან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა “ქართულ ოცნებაში” უმრავლესობის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, “ქართული ოცნებიდან” არავის გარიცხვა არ იგეგმება და არც არავის თავისუფლება იზღუდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“გავაგრძელეთ მსჯელობა იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, რითაც უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევა. პარლამენტის ყველა წევრი იქნება თავისუფალი კენჭისყრის დროს და საკუთარი სინდისით და ღირსებით იმოქმედებს... არავის გარიცხვაზე არ გვისაუბრია, თუმცა, აღინიშნა, რომ პარტიული დისციპლინის დაცვა არის ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ამ საქმეში ჩართულ პოლიტიკოსებს. ეთიკური სტანდარტი მოითხოვს, რომ ეს წესები გაიზიარო. იმის თაობაზე, რომ სამართლიანი წესები უნდა არსებობდეს ყველა მიმართულებით, ამას ყველა დაეთანხმა. მიხარია, რომ “ქართული ოცნება” შიდა დემოკრატიის მაგალითს აძლევს საზოგადოებას”, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი აცხადებს, რომ ივანიშვილმა თავისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ის სისტემის გადარჩენას ცდილობს. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ ყველაფრის ფასად ძალაუფლება შეინარჩუნოს. მისი აზრით ივანიშვილს ორი გამოსავალი ჰქონდა - ან ბაბილონის გოდოლს ბოლომდე ჩასჭიდებოდა ან ვალების გადახდა ბოლომდე დაეწყო. თუმცა მან მევალეების გადაგდება გადაწყვიტა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება სისტემის სასარგებლოდ მიიღო”, - დასძენს გამოცემა.

“პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ უკვე ცნობილი იყო ბესელია რასაც იტყოდა. “ოცნების” ელიტამ წითელი ხაზი გადაკვეთა. მათ გვითხრეს, რომ მურუსიძესთან კონტრაქტი გვაქვს დადებული და ქართველი ხალხი არ გვაინტერესებს. გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ, ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” სისტემა გადაიბარა. კოლექტიური მურუსიძის სახით “ნაციონალებთან”, როგორც სისტემასთან, კონტრაქტი გაფორმდა. რა იყო სააკაშვილის რეჟიმი? მარტო სააკაშვილი? სწორედ ეს კოლექტიური მურუსიძე-ჩინჩალაძე და სისტემა იყო, რომელთანაც “ოცნებამ” ამ გადაწყვეტილებებით ხელშეკრულება საბოლოოდ გააფორმა. გამოგვიცხადეს, რომ სავლე იქცა პავლედ და ახლა მურუსიძე-ჩინჩალაძე ჭეშმარიტ რელიგიას ქადაგებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ანალიტიკოსი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ თავი თვითიზოლაციაში მოიქცია, ქვეყანაში ერთ კაცს ვერ იპოვნიან, რომელიც იტყვის, რომ მურუსიძე პატიოსანი მოსამართლეა. მისი აზრით, ივანიშვილი დილემის წაინაშე იყო და მას სისტემის დაშლა არ შეუძლია - “ის დავალებას იძლევა და ასრულებენ. ცვლილებები რომ დაეწყო, შესაძლოა მოვლენები ხელიდან გაქცეოდა. ეს გზა უპერსპექტივოა. თვითიზოლაციაში იქცევს თავს. მას პარტიაშიც აღარ აქვს ავტორიტეტი. ვიღაცა ფულს და თანამდებობას ელოდება, მას სხვა ბერკეტიც აღარ აქვს. შიგნით ვიღაცას რაღაცა გადაუგდეს, ზოგს კომპრომატებით დაემუქრება და ასე შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას. ასევე უსაფრთხოების სამსახურებს გააძლიერებს, ესაა ახლა მისი მთავარი მიზანი”, - განმარტავს ხუხაშვილი. უფლებადამცველი და პოლიტოლოგი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ ეკა ბესელიას და მის მომხრეებს ივანიშვილმა ჯერჯერობით კორექტულად და ირიბად მიუთითა, რომ თუ მის მიერ დაწესებული წესებით არ ითამაშებენ, მაშინ, მათი ადგილი გუნდში აღარ არის. მუხაშავრია ფიქრობს, რომ ბესელიამ კარგად იცის, თავად თუ არ დატოვებს პარტიას, მაინც გაუშვებენ. ამიტომ, ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს და ის იძულებეულია პარტია საკუთარი სურვილით დატოვოს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ქართულ ოცნებას” ახლა უზენაეს სასამართლოში ეს მოსამართლეები უსიკვდილოდ სჭირდება. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ 2020 წლისთვის ესენი აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ და მისი გაყალბება მოუწევთ. ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში ამ სარჩელებს მურუსიძე-ჩინჩალაძე და ის მოსამართლეები უნდა დახვდნენ, რომელთა იმედიც ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში “ოცნება” ხელისუფლებას დაკარგავს. ახლა ივანიშვილს სასწორზე ეს საკითხი უდევს და ამისთვის ყველაფერზე წავა. გასაკვირი აქ არაფერი იქნება, თუ წარმოვიდგენთ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის რაზე შეიძლება “ოცნება” წამსვლელი იყოს. ბესელიას უმრავლესობის უმრავლესობაც რომ გაყვეს, ივანიშვილი მათ ჩამნაცვლებლებს უცბად იპოვის და სრულიად ახალი სახეებით პარტიას შეავსებს. არ მგონია, რომ ივანიშვილისთვის ახლა მისი პარტიიდან წასვლა დაბრკოლება იყოს. ბესელიას ისეთი წონა და ავტორიტეტი არა აქვს, რომ ივანიშვილს ასე ღიად დაუპირისპირდეს. ის ამ ბრძოლას ივანიშვილთან ვერ მოიგებს. მე მეჩვენება, რომ ბესელია თავის კრიტიკას არბილებს”, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“მისივე თქმით, სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ ბესელიას პარტიას დაატოვებინებენ. მუხაშავრია ამბობს, რომ ის შეეცადა მოსამართლეების თემა სათავისოდ გამოეყენებინა, თუმცა ახლა მას კარგად ესმის, რომ ან კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს, ან კიდევ ჩათრევას ჩაყოლა სჯობია. უფლებადამცველი ამბობს, რომ ივანიშვილს ამ შემთხვევაში საზოგადოების რეაქცია აღარ აღელვებს, რადგანაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა სახელმწიფო ბერკეტს გამოიყენებს. მათ შორის ძალოვან სტრუქტურებს და მათი დახმარებით ყველაფრის გაკონტროლებას შეეცდება”, - დასძენს სტატიის ავტორი.

როგორ გააკონტროლებენ შვეიცარიელი მებაჟეები ტვირთბრუნვას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის გავლით

“2011 წლის 9 ნოემბერს საქართველოსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე სავაჭრო დერეფნების შექმნას გულისხმობს - “იმ პერიოდში სულ სხვა მოცემულობა იყო, რუსეთი უნდა შესულიყო მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში და ის მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა, რა მოთხოვნებიც ამ ორგანიზაციას ჰქონდა. მაშინ დაინტერესებული იყო აშშ-ს ადმინისტრაცია და ევროკავშირიც, რომ რუსეთი ამ გაერთიანების წევრი გამხდარიყო”, - აღნიშნავს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით როგორ გააკონტროლებენ შვეიცარიელი მებაჟეები ტვირთბრუნვას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის გავლით.

“რითი იყო გამოწვეული ეს ინტერესი, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ეს მაშინდელი მოთხოვნა იყო და საქართველოს ხელისუფლება დაყვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოთხოვნას - ფაქტობრივად, ნება დართო მომხდარიყო ტვირთების შემოტანა საქართველოში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, რომ რუსეთი შესულიყო მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში”, - აცხადებს ვახტანგ მაისაია... საქართველო რუსეთის მხრიდან მორიგი დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა, - ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით - “საქართველო მზად არის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საბაჟო კონტროლის პუნქტები გახსნას, რადგან შეთანხმება აიძულებს საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიაროს”, - ამის შესახებ რუსულმა “კომერსანტმა” რუსეთის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით დაწერა. რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნულ ინფორმაციას რუსული დეზინფორმაცია უწოდა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილესა და რეალობასთან შეუსაბამოა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს რუსული მედია და მას მხარს უჭერენ ჩვენი ოპონენტები, ოპოზიციონერები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მსჯელობა, რადგანაც მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და სინამდვილესთან. მოგეხსენებთ, რომ შეთანხმება გაფორმდა 2011 წელს და წარმოადგენს, მხოლოდ ორ მხარეს შორის - რუსეთსა და საქართველოს შორის შეთანხმებას. ის ითვალისწინებს სატრანზიტო კორიდორების მონიტორინგს. არანაირი საუბარი არ არის რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსების თაობაზე. ყველაფერი არის ხსენებულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში, ისევე, როგორც ეს იყო ხელმოწერილი 2011 წელს და დანარჩენი ყველაფერი არის სიცრუე და სპეკულაციები”, - განმარტა მინისტრმა. ჟენევაში, 8-9 თებერვალს სამმხრივი, - ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც კონკრეტული დეტალები განიხილება იმის შესახებ, შვეიცარიელი მებაჟეები პირველი მარტიდან თუ როგორ გააკონტროლებენ ტვირთბრუნვას საქართველოს სამ დერეფანზე, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით”, - განაგრძობს გამოცემა.

“ქართული მხარიდან შეხვედრაში შემოსავლების სამსახურის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ქართულ და რუსულ მხარეებს შორის შეხვედრები აღნიშნულთან დაკავშირებით გაგრძელდება: “ჩვენ ველით, რომ მოხდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც იქნება განხილული ყველა ტექნიკური საკითხი. საქართველოს დელეგაციაში იქნებიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და ჩვენი ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ იქნება გაჟღერებული ამ შეხვედრაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერი საერთო ამ დეზინფორმაციას არ აქვს რეალობასთან. არ მომხდარა არანაირი რევიზია დადებული შეთანხმების და არც იგეგმება ყველაფერი ხორციელდება 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში და არანაირი საბაჟო ტერმინალების განთავსება არ განიხილება საერთოდ შეთანხმებული კორიდორების მიღმა ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა”, - თქვა დავით ზალკალიანმა. ვახტანგ მაისაიას განცხადებით, იმ პერიოდში რუსულ და ამერიკულ მხარეს შორის თანხმობა არსებობდა, თუმცა, დღეს ვითარება შეცვლილია, - მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობით, პუტინი “აღფთოვანებული არ არის” და დღეს აშშ-ის დამოკიდებულება და საგარეო კურსიც განსხვავებულია”, - დასძენს გამოცემა.

“თანხვედრა ამერიკისა და რუსეთის მაშინდელი ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლების მხრიდან არსებობდა, თუმცა, ახლანდელი სიტუაცია შეცვლილია, - ხელშეკრულების მიხედვით რომ ვილაპარაკოთ, როკის იქითა და აქითა მხარეს შვეიცარული კომპანიის წარმომადგენლები უნდა დადგნენ და ტვირთების რაოდენობა აღნუსხონ. შესაბამისად, კორიდორი გაიხსნება, როგორც ჩრდილოეთ სომხეთის, ასევე ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც. ეს უკვე მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის მიღმა ხდება, რადგან დასავლეთის მხრიდან არის გამოცხადებული ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ და პუტინიც მაინცდამაინც დიდად არ არის აღფრთოვანებული მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებით. ამ ხელშეკრულების ამოქმედება და შესრულება დაკავშირებული იყო იმ რეალობასთან, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა”, - აღნიშნა მაისაიამ. ის განმარტავს, თუ როგორ გაკონტროლდება ტვირთბრუნვა საქართველოს სამ დერეფანზე, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით”, - წერს სტატიის ავტორი.

“ამ შემთხვევაში საუბარი არ არის ირიბ აღიარებაზე, - გააჩნია სად დადგებიან უშუალოდ საბაჟო სამონიტორინგო ჯგუფის წარმომადგენლები, რომელსაც შვეიცარული კომპანია გააკონტროლებს. თუ ისინი დადგებიან იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის საზღვარი გადის, როკის გვირაბის მიღმა, - ფსოუზე, გარკვეული ნაწილი შესაძლოა დადგეს გორში და ზუგდიდში, წმინდა პროფილაქტიკის მიზნით. საუბარია სად დადგებიან საბაჟო კომპანიის წარმომადგენლები და რა ფუნქციები ექნებათ მათ ამ ტვირთების მონიტორინგის საქმეში, - ამის გაკონტროლებაზე პასუხისმგებლობას ალბათ, შვეიცარული კომპანია, აიღებს. ასევე, შვეიცარიის მთავრობა, როგორც ამ პროცესის შუამავალი”, - თვლის მაიასია.

“აშშ-ს სამხედრო ჩარევა მოსალოდნელია, თუ მადურო ხალხის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს”

“აშშ-ის ამგვარი ნაბიჯი მოსალოდნელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი, ვენესუელაში დაპირისპირებას ისეთი სახით მივიღებთ, როგორიცაა დღეს არსებული ხელისუფლების მიერ მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და მსხვერპლი. ამ შეირაღებული დაპირისპირების აღკვეთისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შეიარაღებული ძალა, მაგრამ აუცილებელი არაა ეს ამერიკის სამხედროების კონტიგენტი იყოს. ეს შეიძლება მეზობელი სახელმწიფოების მონაწილეობით მოხდეს, თუმცა, აშშ-ის შეიარაღებისა და რესურსების გამოყენებით”, - ასე აფასებს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “აშშ-ს სამხედრო ჩარევა მოსალოდნელია, თუ მადურო ხალხის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს” / ტრამპი ვენესუელაში აშშ-ს სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს.

“ვენესუელაში არსებული პოლიტიკური კრიზისის სამოქალაქო ომში გადასვლას, ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არ გამორიცხავს: “ყველაფერი დამოკიდებულია ჩრდილოელი იმპერიისა და მისი დასავლელი მოკავშირეების აგრესიულობის და სიგიჟის გრადუსზე... მზად ვართ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ”, - ამის შესახებ წერს “დოიჩე ველე”. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ ნიკოლას მადურო მზადაა ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს. მადუროს ამ განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება; ვენესუელაში მიმდინარე პროცესებში ჩარევას და სამხედრო ძალის გამოყენებას აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, არ გამორიცხავს, - ამის შესახებ ტრამპმა ტელეკომპანია “სიბიესისთვის” მიცემულ ინტერვიუში, კვირას გადაცემაში განაცხადა. “არ მსურს ამაზე საუბარი. თუმცა, სამხედრო ძალის გამოყენება ერთ-ერთ შესაძლებლობად რჩება”, - განაცხადა მან. ინტერვიუს დროს ტრამპმა აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის წინ ნიკოლას მადურომ მას შეხვედრა სთხოვა, რაზეც მადურომ ტრამპისგან უარი მიიღო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მენაღარიშვილის აზრით, აშშ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერევა ამ პროცესებში, თუკი ამჟამინდელი ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობას ძალისმიერი მეთოდით დაშლის, რასაც შესაძლოა მსხვერპლი მოჰყვეს. “ეს თეორიული მოსაზრება და ვარაუდია. ამ ნაბიჯის გადადგმამდე სხვა საშუალებებიც არსებობს და როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა ბრძანა, გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც ამ რეჟიმს აიძულებს ვენესუელაში იმოქმედოს დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად. შედეგი უამრავ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, - შიგნით მოვლენების განვითარებაზე, სამხედროების პოზიციასა და ა.შ. მაგრამ, რეალურად ამ ყველაფრის მიზანი ძალადობის აღკვეთა იქნება, - ამ რეჟიმის მიერ ძალის გამოყენების აღკვეთა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, - აღნიშნა მან. მისივე თქმით, რუსეთი ვენესუელაში, როგორც დღეს მოქმედ ხელისუფლებას, მის წინა მმართველსაც უწევდა დახმარებას, თუმცა, ამის შესახებ არცერთი მხარე არ საუბრობს”, - განაგრძობს გამოცემა.

“არსებობს არცთუ ისეთი უსაფუძვლო ეჭვი, რომ რუსეთი უკვე გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. მაგალითად, ცნობილი ხდება ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის" მებრძოლების ჩართვის შესახებ ვენესუელაში. მართალია, ამას ყველა მხარე, რომელიც საქმეში ჩართულია, კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ კარგად მოგვეხსენება, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისას არავინ აღიარებას არ ჩქარობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო პერიოდში მსგავს კერძო სტრუქტურებს, რომელიც რეალურად რუსეთის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების ნიღაბს წარმოადგენს, ასეთი ნაბიჯების შესაძლებლობა რეალურად არსებობს. ამასთანავე, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ჯერ ჩავესს და შემდეგ მადუროს, რუსეთი დიდი ხანია ამარაგებს იარაღით, მათ შორის კრედიტშიც ანუ ანაზღაურების გარეშე, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი სამხედრო სცენაზე გარკვეულ როლს ასრულებს”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშივილი.

“რამდენად რეალურია, რომ ვენესუელაში მიმდინარე პროცესებით საბოლოოდ მეორე ვიეტნამი განმეორდეს, რისი აცილებისკენ მადურომ ტრამპს მოუწოდა (“შეჩერდი, შეჩერდი დონალდ ტრამპ, შეცდომებს უშვებ, რაც ხელებს სისხლში გაგისვრის და შენი პრეზიდენტობაც სისხლით იქნება შეღებილი”, - აცხადებს ის), მენაღარიშვილი იგივე სცენის განმეორებას გამორიცხავს, - მისი თქმით, შეუძლებელია აშშ-ისა და რუსეთის ომის მიზეზი და ეპიცენტრი ვენესუელა გახდეს. „ვენესუელა არ არის ის სცენა, სადაც ამერიკა და რუსეთი შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდეს. ყველა, ვინც ამ თემაზე მსჯელობს, ვიეტნამის ისტორია ახსენდება. არამგონია, რომ ეს ასე იყოს. ეს ბევრად უფრო ადვილად გადასაწვეტი საკითხი, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუკი ძალიან არ გამოიდეს თავი მადუროს რეჟიმის მხარდამჭერებმა”, - თქვა მენაღარიშვილმა. ვენესუელაში მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ და რა შედეგი შეიძლება მივიღოთ, მენაღარიშვილი აღნიშნავს, რომ ცივილიზებული სამყარო ხელისუფლების შეცვლის მხარეზეა”, - დასძენს გამოცემა.

„ვენესუელაში მთელი ხალხი ფეხზეა დამდგარი. მიუხედავად ამისა, მადუროს ხელისუფლება ცდილობს იმ ხაფანგიდან თავის დაღწევას, რომელშიც საკუთარი პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდა. ცივილიზებული სამყარო, ფაქტობრივად ერთხმად უჭერს მხარს ხელისუფლებაში ცვლილებას, აქ საუბარი არ არის ერთი რეჟიმის მეორე ხელისუფლებით შეცვლაზე, არამედ სერიოზული საერთაშორისო კონტროლის ქვეშ ახალი არჩევნების გამართვაზე, რომელმაც უნდა მისცეს ვენესუელელ ხალხს საშუალება ხელისუფლება ჩააბაროს იმას, ვისაც ღირსად თვლის”, - განმარტავს ირაკლი მენაღარიშვილი.

“4 თებერვალს გარდა გერმანიისა, ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად საფრანგეთმა, ესპანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრიამ, პოლონეთმა, დანიამ და შვედეთმა აღიარეს. ცნობისათვის, 26 იანვარს გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა ნიკოლას მადუროს რეჟიმს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ თუ რვა დღის ვადაში საპრეზიდენტო არჩევნებს არ დანიშნავს, ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად იქნებოდა აღიარებული. დღეს უკვე მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომ, გუაიდოს ლეგიტიმურობა აღიარა. 23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესულების პრეზიდენტად, ხოლო ნიკოლას მადურო არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს