მარიამ ჯაში - ჩემი თითოეული კოლეგისთვის მნიშვნელოვანია განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კომიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მოხსენებისთვის.

„უპრეცედენტო რაოდენობის კითხვა დაისვა დღევანდელ სხდომაზე, რადგან ჩემი თითოეული კოლეგისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში დაგეგმილი ცვლილებები“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მინისტრის მოხსენების შეჯამებისას მან რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, არაერთი სიახლე იწყება და იგეგმება განათლების თითოეულ საფეხურზე.

„ადრეული და სკოლამდელი განათლების ეტაპზე იმ საკანონმდებლო ინიციატივის შემდგომ, რომელიც მიიღო ჯერ კიდევ მე-8 მოწვევის პარლამენტმა და რომლის განხორციელების მონიტორინგსაც ინტენსიურად ადევნებს თვალყურს საქართველოს პარლამენტი, არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება მიღწეული დღეს, რომ განათლების უწყებამ ეროვნულ დონეზე შექმნას ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის ერთიანი სტრუქტურა, მაკოორდინირებელი სისტემა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს განათლების პოლიტიკის შემუშავებასა და ავტორიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სასკოლო განათლების საფეხურზე კომიტეტის თავმჯდომარემ მინისტრის ანგარიშიდან ორი ძირითადი მიმართულება გამოყო.

„მივესალმები ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ინვესტიციებს. პრაქტიკულად გასამმაგდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით გათვალისწინებული რესურსები. 2019 წელს გვექნება 9 ახალი სკოლა და 265 სკოლის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები დასრულდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 29 სკოლის მშენებლობა დასრულებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით და 35 000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდა სასკოლო გარემო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის- შეერთებული შტატების მხარდაჭერით“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან სასკოლო ინიციატივებს შორის ასევე გამოყო მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებული თემები.

„საპარლამენტო ზედამხედველობის თვალსაზრისით ჩვენ 2018 წელს შევიმუშავეთ პაკეტი მანდატურის სამსახურისა და სკოლის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით. მისასალმებელია, რომ იქმნება რეგიონალური სამსახურები, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების დანერგვას“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ გამოცდებთან დაკავშირებით კომიტეტის პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„პირადად მე ბოლო ორი წელიწადია საკმაოდ კრიტიკულად ვაფასებდი არსებულ საატესტატო სისტემას, რომელიც აუცილებლად მოითხოვდა მოდიფიცირებას. გამოცდები ვერ პასუხობდა განათლების ხარისხის გაუმჯობესების ამოცანებს და მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, გაუქმებასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვქონია საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებული, ექსპერტთა შეფასებითაც და ასევე საზოგადოების მხრიდან გამოხმაურების თვალსაზრისით, ვფიქრობ არსებული სისტემით საატესტატო გამოცდები ნამდვილად არ იყო ეფექტური და სკოლა რჩებოდა, განსაკუთრებით, დამამთავრებელ კლასებში ორიენტირებული გამოცდების ჩაბარებაზე და არა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან მინისტრის მიერ მოხსენებაში ხაზგასმული ჩრდილოვანი განათლების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც მისივე თქმით, სულ მცირე 100მლნ-ზე მეტი ლარი იხარჯება საზოგადოების მხრიდან.

„მიუხედავად იმისა, რომ ვუდასტურებ უდიდეს პატივისცემას თითოეულ ჩვენს პედაგოგს, ისინი საჯარო სკოლაში თუ სკოლის ფარგლებს მიღმა ახორციელებენ პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჩვენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებისთვის არ უნდა ვაიძულოთ მშობლები, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გაღება უწევდეთ შვილების მოსამზადებლად ისევ და ისევ გამოცდებზე ორიენტირებული სასწავლო სისტემისთვის“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, აუცილებლად უნდა მოხდეს პედაგოგების მოტივაციის ზრდის ხელშეწყობა, როგორც პროფესიული, ასევე მატერიალური ანაზღაურების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

„ეს დაანონსდა პრემიერმინისტრის მიერ. მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი ზრდა არის გათვალისწინებული და აქვე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ თანაბრად ვიზრუნოთ პედაგოგების ხელფასების გაუმჯობესებაზე არა მარტო სკოლაში, არამედ საბავშვო ბაღების დონეზე და ასევე არაფორმალურ განათლებაში. სახელოვნებო განათლებაში კვლავაც რჩება მასწავლებლების არაადეკვატურად დაბალი ანაზღაურება, რაც აუცილებლად უნდა იყოს განხილული. ერთ-ერთი მიმართულება, რის გამოც მივესალმებოდი უწყებების გაერთიანებას , იქნება სახელოვნებო განათლების გაუმჯობესება და სპორტული განათლების ხარისხის გაუმჯობესება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, წარმატებით ინერგება ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რაც ასევე კომიტეტისა და სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგია. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ საჯარო თუ კერძო დაწესებულებების პედაგოგებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული აღნიშნული კანონის შემუშავებაში.

„57 საჯარო სკოლაში შესაძლებელი გახდება პროფესიული განათლების მიღება. 8 ახალი კოლეჯის მშენებლობა და ფუნქციონირება არის დაგეგმილი 2019-2020 სასწავლო წლისთვის. მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც არის წინგადადგმული ნაბიჯი ეს არის კერძო კოლეჯების თანაბარი კონკურენციის პირობებში ჩაყენება საჯარო კოლეჯებთან. 2019 წელი არის პირველი წელი, როცა სახელმწიფო დაფინანსებით კერძო კოლეჯებს მიეცემათ საშუალება მიიღონ სტუდენტები. ასევე საკანონმდებლო ჩიხი აღმოფხვრილია და 2019 წლის საგაზაფხულო მიღების შემდგომ სტუდენტებს კოლეჯებში საშუალება ექნებათ პარალელურად მიიღონ ინტეგრირებულ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ასევე, რომ კოლეჯებს ეკონომიკური შემოსავლების რეინვესტირების საშუალება მიეცათ.

რაც შეეხება მეცნიერების სფეროს. მარიამ ჯაშს მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია დაფინანსების შემდგომი ზრდა.

„მაქსიმალური აქცენტი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო პროგრამებში ჩვენი მეცნიერების ჩართულობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაზე“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა პრობლემებზე, რომელის მოგვარებაზეც კომიტეტი სამინისტროსთან ერთობლივად იმუშავებს: ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ნიჭიერთა ათწლედისა და ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებლის შენობის პრობლემა. პრობლემად რჩება ასევე ინვესტიციების საკითხი არამარტო სახელმწიფო დაფინანსება ,არამედ კერძო სექტორის მაქსიმალური მობილიზაცია, თუნდაც სტუდენტური სესხების განვითარების თვალსაზრისით. პრობლემად რჩება სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი, რომელთა ნაწილი ფინანსური რესურსის გამო წყვეტს სწავლას და აქ, ვფიქრობ, კერძო სექტორს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება უწყვეტი კოორდინაცია.

„განათლების უწყებამ გააძლიერა პედაგოგებთან რეგულარული კოორდინაცია რესურსების საშუალებით, თუმცა დაანონსებული სისტემური რეფორმების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ცვლილება დეტალურად იქნას მიტანილი თითოეულ მასწავლებელთან, მშობელთან და მოსწავლეებთან“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი ინფორმაციით კომიტეტი ბორჯომში 13-15 თებერვალს გასვლით სხდომას გეგმავს, რომელსაც განათლების , მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაესწრება სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა