სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ

სოციალური მუშაკები დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დღეს შეიტანენ წერილს, რომელშიც მათი სამუშაო პირობების შესახებ მოთხოვნებია გაწერილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალურ მუშაკთა და იურისტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ქეთი ხუციშვილმა განუცხადა, წერილის შეტანის შემდეგ, უწყებას მიეცემა 21 დღის ვადა, რათა საინიციატივო ჯგუფთან მოლაპარაკებები დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გაფიცვას გეგმავენ.

რაც შეეხება მოთხოვნებს, ის ადამიანური რესურსების დამატებას, სახელფასო ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

„წერილს ხელს აწერს მთელი საქართველოს მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი და იურისტი. წერილის შინაარსი შეგვიძლია, ორ ნაწილად გავყოთ: პირველი მოთხოვნა არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროში დაუყოვნებლივ შეიქმნას კრიზისული სიტუაციების მართვის ჯგუფი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები და პრაქტიკოსი სოცმუშაკები იქნებიან ჩართულები. წერილში ეს არასამთავრობო ორგანიზაციები დაკონკრეტებული გვაქვს, ისინი არიან EMC, PHR და „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ ჯგუფმა იმუშაოს სისტემური ცვლილებების დასაგეგმად და მყისიერი სისტემური რეაგირების გეგმა შეიმუშაოს“, - აღნიშნა ქეთი ხუციშვილმა.

მისივე თქმით, თითოეულ სოციალურ მუშაკს ყოველდღიურად იმდენად ბევრი დავალება აქვს შესასრულებელი, რომ ამას ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის, აღნიშნული მდგომარეობა კი 11 წლის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, ჯანდაცვის სამინისტრომ მოთხოვნის წერილზე დროული რეაგირება მოახდინოს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა