გიორგი ონიანმა სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარი გაასაჩივრა

მსჯავრდებულმა გიორგი ონიანმა მოსახდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი საბჭოს უარი გაასაჩივრა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ონიანის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, საბჭომ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც მან სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

„ეს გადაწყვეტილება ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელია. ამ გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით და გიორგი ონიანის შინაპატიმრობით გათავისუფლების მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ. აღნიშნული სარჩელის ადმინისტრაციული წესით განხილვა თებერვლის ბოლოდან დაიწყება.

პროცესზე საბჭოს არაკანონიერი გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობას დავადასტურებთ. მათ დადასტურებული აქვთ თავიანთ გადაწყვეტილებაში, რომ გიორგი ონიანი ნამდვილად აკმაყოფილებდა საჭირო კრიტერიუმებს, ის სასჯელის მოხდის პერიოდში იქცეოდა კანონის შესაბამისად, ასევე მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ადეკვატურია. თქვეს, რომ გიორგი ონიანის მიმართ წარდგენილი ქმედების ხასიათი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. მე კი შეგახსენებთ, რომ ამ წარდგენილი ქმედებების საფუძველზე მოხდა სააპელაციო სასამართლოში ონიანისთვის სასჯელის შემცირება“, - აცხადებს ბასილაია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ონიანს საგამოძიებო უწყება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ონიანს ოთხივე ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აქედან ონიანს მოსახდელი ერთ წელზე ნაკლები დარჩა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს