გორის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც აქციის მონაწილეს თავზე ურნა ჩამოამხო, გირაო შეუფარდეს

გორის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც მერიასთან გამართული აქციის მონაწილეს თავზე ურნა ჩამოამხო, გირაო შეუფარდეს. თემურ მანველიშვილმა თანამდებობა 8 თებერვალს დატოვა, 9 თებერვალს კი, პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

გორის რაიონულმა სასამართლომ დღეს გორის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილ უფროსს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გამოძიების დაწყების საფუძველი გასული წლის ოქტომბერში, მერიის შენობის კიბესთან მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვის ურნა დაამხო.

ბრალდების მხარის პოზიციას არ იზიარებდნენ თავად თემურ მანველიშვილი, მისი ადვოკატი და ბრალდებულის მხარდასაჭერად სასამართლოს დარბაზში მყოფი მერიის თანამშრომლები. მანველიშვილი სასამართლოსგან თავდებობის დაკმაყოფილებას ითხოვდა. მისი ადვოკატის განცხადებით, მანველიშვილს თავდებში გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები: ეკატერინე სუხიშვილი, რამაზ შიოშვილი და იასონ დეკანოსიძე უდგებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მანველიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც ითვალისწინებს: პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, თანამდებობის გამოყენებით, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით, ჯარიმას, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას (ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ) ითვალისწინებს.

სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულს კომენტარი არ გაუკეთებია.

რაც შეეხება გიგა მაქარაშვილს, იგი დარწმუნებულია, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ,,ინციდენტიდან 4 თვის თავზე ჩაინიშნა პირველი პროცესი, თუმცა, დღეს საქმის არსებითი განხილვა არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა, მე მეგონა, რომ ეს ადამიანი მიხვდა თავის დანაშაულს, ბოდიშს მაინც მოიხდიდა და შევწყვეტდი ამით მასთან დავას, თუმცა ბოდიშის ნაცვლად, აქ აქცია დამხვდა და ამიტომ, საზოგადოების პატივისცემის გამო, იმის გამო, რომ კანონი უზენაესი იყოს და სამართალმა იზეიმოს, ვაგრძელებ დავას. მე ვარ დაზარალებული, შეურაცხყოფილი და ჩინოვნიკმა, რომელსაც მინიმუმ თმენის ვალდებულება უნდა ჰქონდეს, პასუხი უნდა აგოს თავისი საქციელისთვის. მუხლი, რომლითაც საქმე არის აღძრული მის წინააღმდეგ, ვფიქრობ, რომ არის აბსოლუტურად სამართლიანი და დაველოდები გადაწყვეტილებას. იმედია, სასამართლო იქნება სამართლიანი და ობიექტური. ჩემთვის პირველი შედეგი იქნებოდა მისგან ბოდიშის მოხდა და სამსახურის დატოვება, თუმცა ბოდიშის მოხდას არ აპირებს. თვლის, რომ დამნაშავე არ არის, უფრო მეტიც, მას აღიარებითი ჩვენებაც არ აქვს მიცემული და ჩვენებაში უწერია, რომ მას და მერიის ყველა თანამშრომელს ოჯახის წევრებს ვუგინებდით, რაც აბსოლუტურად ტყუილია. ბევრი ადამიანი ესწრებოდა იმ აქციას, ყველამ დაინახა, როგორ ვალაგებდით თავადვე მერიის მიმდებარე ტერიტორიას (სადაც ნაკელი და საკენკი, მარცვალი დავყარეთ). ჩემი თვითმიზანი არ არის ის, რომ ვინმე ციხეში ჩაჯდეს, მაგრამ პასუხი ყველამ უნდა აგოს", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

გორის რაიონულ სასამართლოში შემდეგი სხდომა 29 მარტს დაინიშნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა