საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - სახანძრო უსაფრთხოების  შემოწმების დროს სასტუმროები პირველ ეტაპზე არ დაჯარიმდებიან, არამედ მიეცემათ რეკომენდაციები

„პირველ ეტაპზე სახანძრო უსაფრთხოების შემოწმების დროს სასტუმროები არ დაჯარიმდებიან, მათ მიეცემათ რეკომენდაციები, როგორ დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, - ასე ეხმაურებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მცირე ზომის სასტუმროები 14 თებერვლიდან სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შემოწმების დაწყების შესახებ ინფორმირებულნი არ არიან.

უწყების განმარტებით, ის, რომ მცირე ზომის სასტუმროებმა არ იციან რა ნორმები უნდა დაიცვან, მათ არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემმოწმებლები მივლენ და დააჯარიმებენ მათ. „შემოწმების მოტივი ობიექტების დაჯარიმება არ არის, მთავარი მიზანი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვაა“, - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ცნობით, მიდგომა სხვადასხვა ობიექტების მიმართ ინდივიდუალური იქნება და პროცესი ობიექტებთან ორმხრივი თანამშრომლობით წარიმართება. „ბუნებრივია ის მიდგომები და მოთხოვნები, რაც მაღალი კლასის სასტუმროების მიმართ გვექნება, არ გავრცელდება მცირე ტიპის საოჯახო სასტუმროებზე. რომელი ტიპის ობიექტში როგორ იქნება ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული, ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შენობის ტიპზე. საოჯახო ტიპის სასტუმროში უნდა იყოს ცეცხლსაქრობები და ისეთი გასასვლელები, საიდანაც საგანგებო სიტუაციაში ადამიანები თავის გადარჩენას შეძლებენ, ესაა მინიმალური მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია. ჩვენი სპეციალისტები გასცემენ რეკომენდაციებს. ამასთან ერთად, ობიექტებს მიეცემათ გონივრული ვადები ხარვეზების გამოსასწორებლად. მაგალითად, შენობაში სამი ცეცხლმაქრის ქონის პრობლემა შესაძლოა მალე გადაიჭრას, შედარებით უფრო დიდ დროსა და ხარჯებს უკავშირდება კვამლის გამწოვი საშუალებებით უზრუნველყოფა, ამას ვითვალისწინებთ. არ ვითხოვთ ერთიანად ყველაფრის მოგვარებას, თუმცა ხარვეზები ეტაპობრივად უნდა აღმოიფხვრას“, - განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, შემოწმება წინა წლებშიც აქტიურად მიმდინარეობდა და ქვეყნის მასშტაბით ათასობით ობიექტია დაჯარიმებული, თუმცა ეს პირველი შემოწმებაა გაზრდილი სანქციების პირობებში. აქამდე ჯარიმა 50 ლარიდან 200 ლარამდე იყო, ახლა კი დამრღვევი ობიექტები 500 ლარიდან 10 000 ლარამდე თანხით დაჯარიმდებიან.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 14 თებერვლიდან შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმებას იწყებს. შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს, მათ შორის საოჯახო სასტუმროებს, სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა