სოფო კილაძე - ვინ წავა და ვინ წამოვა, ეს კონკრეტული ადამიანების საქმეა

„ვინ წავა, ვინ წამოვა და ასე შემდეგ, ეს კონკრეტული ადამიანების საქმეა“, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე დეპუტატების ნაწილის მიერ „ქართულ ოცნების" შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებულ საკითხს.

რაც შეეხება იმას, უმრავლესობა ჩააგდებს თუ მხარს დაუჭერს ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის შემუშავებულ კანონპროექტს, მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით, სოფო კილაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის უმრავლესობას ამ საკითხზე არ უმსჯელია.

„ბუნებრივია, მე მრჩება მოსაზრება, როგორც იურისტს, რომ ნამდვილად არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები კონსტიტუციურობასთან მიმართებით და ჩვენ რაც არ უნდა კარგი მიზანი გვქონდეს ამ აშემთხვევაში, კონსტიტუციას გვერდს ვერ ავუვლით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის შესახებ ჩვენ გუნდში უნდა ვიმსჯელოთ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

რაც შეეხება მოლოდინებს, რომ შესაძლოა, ეკა ბესელიამ თანამოაზრეებთან ერთად უმრავლესობა დატოვოს, სოფო კილაძე აღნიშნავს, რომ საკითხი, „ვინ წავა ვინ წამოვა, ეს კონკრეტული ადამიანების საქმეა."

„მე მგონია, რომ ჩვენთვის მთავარი საზრუნავი არის და უნდა იყოს ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ უნდა გავატაროთ დროულად, რომ ის დაპირებები შევასრულოთ, რაც მივეცით საზოგადოებას. ეს საკითხი, ვინ წავა ვინ წამოვა და ასე შემდეგ, ეს კონკრეტული ადამიანების საქმეა“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის ინიციატივა პარლამენტს ეკა ბესელიამ რვა კოლეგასთან ერთად შესთავაზა.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს