დღეს, ევროკავშირის დახმარებით საფუძველი ჩაეყრება ახალ პროექტს, რომლის გამორჩეული ნაწილია ის, რომ თემატური მიმართულება ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა კეთილდღეობა იქნება, -ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა“ პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, ახალი პროექტის თავისებურება იქნება ის, რომ ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნება.
„ევროკავშირი საქართველოს მრავალი მიმართულებით ეხმარება. დღეს, ევროკავშირის დახმარებით საფუძველი ჩაეყრება ახალ პროექტს, რომლის გამორჩეული ნაწილია ის, რომ თემატური მიმართულება ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა კეთილდღეობა იქნება. ამ მხრივ თავისებურება იქნება ის, რომ შეიქმნება ქვეყნის ერთიანი სააკორდინაციო მექანიზმი. მართვის ასეთი სტრუქტურა აერთიანებს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, სხვადასხვა სამინისტროს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და უფლებადამცველებს. ესე იგი, ეს არის ანალოგი იმისა, რაც ჩვენ გვაქვს გლობალურ ფონდთან ურთიერთობაში - ქვეყნის სააკორდინაციო საბჭო. ეს არის ამით გამორჩეული, რომ ამ ფორმატში უფრო კოორდინირებულად იქნება შესაძლებელი ამ მიმართულების მართვა“, - განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება პროექტს, ის სამწლიანი ინიციატივაა, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის განვითარებაში და ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურების ჩამოყალიბებაში საქართველოს მთავრობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
World Vision-ის ინფორმაციით, ბავშვზე ზრუნვის სისტმის რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ 44 დიდი ზომის ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულება დახურა და 1 316 მიუსაფარი ბავშვის რეინტეგრაცია უზრუნველყო. მათივე შეფასებით, მიუხედავად ამისა, ხარისხიანი ალტერნატიული ზრუნვის შეთავაზება მოწყვლადი ბავშვებისათვის სახელმწიფოს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.