ექიმები ჩემი ძმის სრულ დიაგნოზს არ ამბობენ, რადგან ღუდუშაურის საავადმყოფო „ქართული ოცნების“ დეპუტატისაა. ჩემი აზრით, ის ზეწოლას ახდენს ექიმებზე, რომ საზოგადოებამ სრული დიაგნოზი არ გაიგოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა.
ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი დეკანოზის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავს. მამალაძის განმარტებით, მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
„ჩემი ძმის მდგომარეობა დამძიმდა. ახლა მას წამოდგომის საშუალებასაც არ აძლევენ. მასთან გუშინ ვიყავი შესული, პარალიზებულია, მეტყველება უჭირს, ძალიან სუსტად არის, რაც მისმა მაზიარებელმა მღვდელმაც დაადასტურა, რადგან მას ბაშვობიდან იცნობს და თითოეული მისი მანერა იცის. ექიმები არ ამბობენ სრულ დიაგნოზს, რადგან ეს საავადმყოფო „ქართული ოცნების“ დეპუტატისაა, ჩემი აზრით, ის ზეწოლას ახდენს ექიმებზე, რომ საზოგადოებამ სრული დიაგნოზი არ გაიგოს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან ვითხოვთ, რომ ჩემი ძმის შეწყალებით პრეზიდენტს მიმართოს. გვინდა, რომ საპყრობილიდან ცოცხალი გამოვიდეს. გვინდა, უფლისგან დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს და იყოს „მწყემსი კეთილი“, - აცხადებს მამალაძე.
შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი - "დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიმართავს.
ადვოკატები პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ, რათა არსებული ინფორმაცია მას მიაწოდონ და სწორედ ის იყოს შეწყალების ინიციატორი.