„ნათლად ჩანს, რომ დევნილთა აქციის მესვეურები მართულნი არიან", - ამის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აქციას ორგანიზებას უწევენ და დევნილთა გაჭირვებას იყენებენ, რაც მიუღებელია.
„ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა გამოწვევები გვაქვს დევნილებთან მიმართებაში. დევნილთა დაკმაყოფილების ტემპები 2012 წლიდან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, მაგრამ რა თქმა უნდა, კვლავ არის პრობლემები. მაგრამ თაღლითობაზე ნასამართლევი, რომელმაც დევნილები მოატყუა, თანხები მიითვისა, და ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები რომ აორგანიზებენ ამ აქციას და იყენებენ დევნილთა გაჭირვებას, ეს არის უბრალოდ მიუღებელი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გიორგაძის თქმით, საცხოვრებლით თანდათან მეტი დევნილი დაკმაყოფილდება, რაც გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
„იცით, რომ წლის ბოლოს ჩვენ თბილისში ბინების შეძენისთვის 50 მილიონი ლარის შესყიდვა განვახორციელეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. ქულების სისტემა ერთადერთი სამართლიანი სისტემაა, რიგითობის მიხედვით, თუ პირველი ვინ უნდა მიიღოს საცხოვრებელი, ამისთვის უნდა არსებობდეს განსაზღვრული გარემოებები, მაგალითად ქირით ცხოვრება, ომის ვეტერანობა, სოციალურად დაუცველობა, შეზღუდული შესაძლებლობების ქონა, ომში დაღუპული ადამიანის ოჯახის წევრობა. ანუ ის ფაქტორები, რაც მოწყვლადობას განაპირობებს. ვისაც ასეთი მეტი გარემოება აქვს, ის რიგში უფრო წინაა. ხოლო კომისიური განხილვა და თითოეულ ოჯახზე გადაწყვეტილების მიღება არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენლების ფართო ჩართულობით ხდება", - აღნიშნა გიორგაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია მიმდინარეობს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბესო შენგელიამ განაცხადა, დევნილებს აქვთ მრავალი მძიმე პრობლემა, რის გადასაჭრელადაც მათ სახელმწიფო არ ეხმარება.