ირაკლი აბესაძე - შესაძლებელია, გამართლებული იყოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება

დღეს სასამართლო სისტემაში შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან გამოსავლისთვის მისაღებია ძალიან რადიკალური ნაბიჯები. ამიტომ ამ ეტაპზე, შესაძლებელია, გამართლებული იყოს უვადოდ დანიშვნის შეჩერება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

ირაკლი აბესაძის შეფასებით, მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნის პროცესში პოლიტიკური წრის გარდა, ასევე ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი, ადვოკატთა ასოციაცია და სახალხო დამცველი. მისივე განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების პროცესი უნდა იყოს საჯარო და ეს პოლიტიკური კონსენსუსით უნდა მოხდეს.

„დღეს სასამართლო სისტემაში შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან გამოსავლისთვის მისაღებია ძალიან რადიკალური ნაბიჯები. ამიტომ ამ ეტაპზე, შესაძლებელია, გამართლებული იყოს უვადოდ დანიშვნის შეჩერება, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი.

„ევროპულ საქართველოს“ ამ მიმართულებით უკვე დარეგისტრირებული გვაქვს ჩვენი ინიციატივა, რომელიც, პირველ რიგში, გულისხმობს ჩინჩალაძის კლანისთვის იმ ექსკლუზიური უფლების ჩამორთმევას, რომლითაც ისინი სარგებლობენ ხელოვნურად შექმნილი რიცხობრივი უპირატესობით. გვსურს, რომ იუსტიციის საბჭოს თითოეულ წევრს ჰქონდეს მოსამართლეობის კანდიდატის წარმოდგენის საშუალება პარლამენტში. რაც მთავარია, ყველა პოლიტიკური ჯგუფის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის, თუ სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით უნდა მოხდეს პარლამენტში ამ კანდიდატების ძალიან დეტალური განხილვა, მათთან გასაუბრება და ამ პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა. რაც მთავარია, მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცება უნდა მოხდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსით.

ამ ეტაპზე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ მძიმე კრიზისიდან გამოსავალი იქნებოდა უცხოელი მოსამართლეების დანიშვნა მაღალი ინსტანციის სასამართლოებში. ახლა გარკვეული რბილი ღონისძიებებით და მცირე ცვლილებებით სასამართლოში სიტუაციის გაუმჯობესება გამორიცხულია. ზოგადად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ივანიშვილის პირობებში, ასევე, გამორიცხულია,“ - განაცხადა აბესაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს