თორნიკე მამალაძე - გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოსგან დადებითი პასუხი ვერ მიიღო და ჩემი აზრით, ამის გამო არ შეიწყალა მამა გიორგი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საპატრიარქოსგან დადებითი პასუხი ვერ მიიღო, მსჯავრდებული დეკანოზი არ შეიწყალა. ამის შესახებ თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ღუდუშაურის კლინიკაში მონახულების შემდეგ განუცხადა.

ასევე, მან შეაფასა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის განცხადება, რომლის თანახმად, გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, რასაც ეკლესიაც მიესალმებოდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა.

თორნიკე მამალაძის თქმით, მეუფე დანიელის განცხადებები „ურთიერთგამომრიცხავია".

„მეუფე დანიელის განცხადებები კარგად ვნახეთ და ურთიერთგამომრიცხავი იყო. გადაბრალება იყო ჯერ მთავრობაზე, შემდეგ განაცხადა, რომ მას ეს არ უთქვამს და თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი უთხრა პრეზიდენტს, რაც წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ აქვს ძალა, რომ პრეზიდენტს უარი უთხრას ამა თუ იმ პიროვნების შეწყალებასთან დაკავშირებით. მე პირადად, საპატრიარქოდან მაქვს ინფორმაცია, რომ საპატრიარქოში გიორგი მარგველაშვილი იყო მისული, მან მის უწმინდესობას უთხრა, რომ “გიორგი მამალაძის შეწყალებას ვაპირებ და თქვენ რა აზრის ხართო”. მაქვს ინფორმაცია, რომ მის უწმინდესობამ უთხრა - “ეს თქვენი გადასაწყვეტიაო”. აქედან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოსგან დადებითი პასუხი ვერ მიიღო და ჩემი აზრით, ამის გამო არ შეიწყალა. საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით უკვე უამრავი ადამიანი გვეხმიანება. ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას მისი უწმინდესობის მიმართ, რათა მან მიმართოს პრეზიდენტს, რათა დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს, რომ უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ”, -განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

რაც შეეხება დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თორნიკე მამალაძის თქმით, ის ჯერჯერობით არ უმჯობესდება და გიორგი მამალაძეს ნევროლოგიური პრობლემა - ინსულტი აქვს.

„სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით უკეთესობისკენ არ მიდის. როგორც მითხრეს, სავარაუდოდ, დღეს დასკვნას დადებენ, კონსილიუმი შეიკრიბება. გუშინ მივმართე ჯანდაცვის მინისტრს და დღეს მოინახულა, ჩემს ძმასთან იყო შესული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რასაც მე ვხედავ, არის ისევ ისეთი, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ისევ რეანიმაციაში”, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს