ბადრი ჯაფარიძე - 17 მილიონი დოლარი, რომელიც ვისესხეთ, გადაირიცხა მსოფლიო ბანკში და „თიბისი ბანკის“ კაპიტალში

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ 17 მილიონი დოლარი, რომლის სესხების კანონიერებასაც პროკურატურა სწავლობს, გადარიცხულია მსოფლიო ბანკში და „თიბისი ბანკის“ კაპიტალში. ამის შესახებ ჯაფარიძემ მამუკა ხაზარაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა „თიბისი ბანკს“ 17 მილიონი დოლარის გათეთრებას ედავება, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს: „შეიძლება თუ არა ეს ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, ეს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს“.

„17 მილიონი დოლარი, რომელიც ვისესხეთ, გადაირიცხა მსოფლიო ბანკში და „თიბისი ბანკის“ კაპიტალში. თუ ეს შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თვითონ განსაჯეთ. ჩვენ ვისგანაც ვისესხეთ თავის დროზე ფული, არიან ცნობილი ჰოლანდიელი ბიზნესმენები და დიდი ფონდი. მათგან ვისესხეთ ფული იმისთვის, რომ ბანკის კაპიტრალი გაგვეზარდა და ნაწილი გადაირიცხა მსოფლიო ბანკის ანგარიშზე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი თიბისი ბანკისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს