საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წითელა-წითურას ელიმინაციის პროგრამების ხელმძღვანელი პიტერ ოკონერი იმყოფება, რომელიც იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის სხდომას დაესწრო. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ცნობით, შეხვედრის ძირითადი საკითხი საქართველოში არსებული წითელას ეპიდსიტუაცია იყო. პიტერ ოკონერმა დადებითად შეაფასა საქართველოში წითელას გავრცელების შეკავების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა გაუმკლავდება არსებულ გამოწვევას და მიაღწევს წითელასა და წითურას ელიმინაციას ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად.
სხდომა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. შეხვედრას ესწრებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია წითელას გავრცელების და გატარებული კონტროლის ღონისძიებების შესახებ, როგორიცაა - დამატებითი და გეგმიური იმუნიზაცია, ეპიდზედამხედველობა, ლაბორატორიული დიაგნოსტირება და კომუნიკაცია.
პიტერ ოკონერმა კომისიის წევრებს წარუდგინა ევროპის რეგიონში წითელას გავრცელების მრავალწლიანი დინამიკა და აღნიშნა, რომ ევროპის რეგიონი 2018 წელს ხასიათდებოდა დაავადების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლით. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის რეგიონალური სამოქმედო გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ აქტივობად განსაზღვრულია წითელას და წითურას ელიმინაცია და რომ ამ გზაზე საქართველო წარმატებულ ნაბიჯებს დგამს.