„შრომითი უსაფრთხოების კანონში“ საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის 19 თებერვალს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს EMC დადებითად აფასებს და მიესალმება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრიდან აცნობეს.
მათივე შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“.
ამასთან, EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული არასაკმარისია დასაქმებულთა შრომითი უფლებების ეფექტური დაცვისთვის და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი ქმედითი ნაბიჯია გადასადგმელი.
“არსებული რეგულაციის თანახმად, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები ვრცელდება მხოლოდ, დასაქმებულთა ვიწრო სპექტრზე, კერძოდ კი, მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ხოლო, მითითებული სფეროების ჩამონათვალს თავის მხრივ, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. აღნიშნული მნიშვნელოვან წინააღმდეგობაში მოდიოდა ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან და კანონის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენდა. ახალი ორგანული კანონის თანახმად კი, 2019 წლის 1 სექტემბრიდან კანონის მოქმედების სფეროში ექცევა დასაქმების ყველა სექტორი, რაც ნამდვილად პოზიტიურ ნაბიჯს წარმოადგენს“, - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, კვლავ გამოწვევად დგას შრომითი უფლებებისა თუ შრომით ურთიერთობებში თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით მთელი რიგი საკითხები, რომელიც საქართველოს პარლამენტისგან თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან განგრძობად მუშაობას საჭიროებს.
„შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილია ზედამხედველობა განახორციელოს მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე, ტრეფიკინგსა და შრომით ექსპლუატაციაზე და მისი უფლებამოსილება არ ვრცელდება სხვა შრომითი უფლებების დაცვის, მათ შორის შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების პრაქტიკაში უზრუნველყოფის მიზნით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვან გამოწვევად სერვისის სექტორში დასაქმებულთათვის დგას, სადაც ადამიანებს ხშირ შემთხვევაში არსებითი შრომითი უფლებების დარღვევით უწევთ მუშაობა. შრომის ინსპექტირების სამსახურის უფლებამოსილებათა ხელოვნური დაყოფა და მისი მანდატის მხოლოდ შრომითი უსაფრთხოებით შეზღუდვა არ შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებსა და საერთაშორისო სტანდარტებს“, - ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე შეფასებით, ასევე, გაუმჯობესებას საჭიროებს მთელი რიგი საკითხები, როგორიცაა ზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს ოდენობა და მისი ანაზღაურების წესი, ღამის საათებში მუშაობის, დასვენების დროის რეგულირება.
აუცილებელია საქართველოს მხრიდან მოხდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა მნიშვნელოვანი კონვენციის რატიფიცირება, რომელიც დამატებით გარანტიებს შექმნის დასაქმებულთა უფლებებისთვის.
ასევე, აუცილებელია მუშაობა გაგრძელდეს შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობისა თუ დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით, რაც ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ვალდებულებასაც წარმოადგენს. საკანონმდებლო ბაზის გაძლიერების პარალელურად არსებითი მნიშვნელობა აქვს ინსპექტირების სამსახურის ინსტიტუციური ზრდის ფინანსური და სხვა სახის დახმარების უზრუნველყოფას, მათ შორის სწრაფი და ეფექტური რეაგირების მიზნით ადგილობრივი ოფისების გახსნას“, - ნათქვამია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.