ირაკლი კერვალიშვილი - ფოთში 2020 წლის ბოლოს ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი გვექნება

ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ი, 50 მილიონი დოლარით აფინანსებს „პეის ჯგუფის“ საზღვაო ტერმინალის მშენებლობის პროექტს. პროექტისა და opic-თან თანამშრომლობის დეტალებზე „ინტერპრესნიუსი“ „პეის ჯგუფის“ დამფუძნებელს ირაკლი კერვალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, როგორც ცნობილია ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ი, 50 მილიონი დოლარით აფინანსებს „პეის ჯგუფის“ საზღვაო ტერმინალის მშენებლობას. როგორ მოახერხა „პეის ჯგუფმა“ OPIC-ის მხრიდან მსგავსი სიდიდის ინვესტიციის მოზიდვა?

- Opic-ის ნდობა „პეის ჯგუფისა“ და ქვეყნისადმი იმდენად დიდია, რომ უპრეცედენტო სესხი გამოყო, Opic-ი ოცი წელია კავკასიის რეგიონში აქტიურია, თუმცა ეს მისი მხრიდან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში პირველი ინვესტიციაა და ამას გარდა გამორჩეულია მოცულობით, რაც ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ეს პროექტი რეალურია. Opic-მა 2014 წელს გამოთქვეს ინტერესი პროექტის მიმართ. ისინი ამ პერიოდის განმავლობაში სწავლობდნენ „პეის ჯგუფის“ საქმიანობას. დიდი დრო დაიხარჯა საინჟინრო ექსპერტიზაზე, საზღვაო-სანაოსნო ნავიგაციაზე, პროექტში ჩაიდო გარემოს დაცვა მაღალი სტანდარტი, ასევე შრომის უსაფრთხოების პირობები და შედეგში დარწმუნების შემდეგ მოხდა გადაწყვეტილების მიღება. 50 მილიონი არის დაბალპროცენტიანი სესხი, რომლის გასტუმრებისთვისაც 15 წელი გვაქვს.

- უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ „პეის ჯგუფის“ საზღვაო ტერმინალის პროექტზე, როგორც ცნობილია, პროექტი ჯამში 120 მლნ აშშ დოლარის ღირებულებისაა, მისი პირველი ფაზა 93 მლნ დოლარს მოიცავ. რა სამუშაოები იგეგმება პირველი ფაზის ფარგლებში, ასევე რომ შეაფასოთ რამდენად მნიშვნელოვანია და რა მოცულობით გაზრდის არსებულ სიმძლავრეს ახალი ტერმინალი ?

- იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა, აუცილებელია განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება უპირველესად უნდა დავიწყოთ საზღვაო ინფრასტრუქტურით. ქვეყანას სჭირდება ღრმაწყლოვანი ეკვატორია.

ტერიტორია, სადაც „პეის ჯგუფი“ საპორტო ინფრასტრუქტურას ავითარებს, 25 ჰექტარს მოიცავს. ჯამში 700 მეტრამდე ნავმისადგომის მშენებლობა იგეგმება. პროექტი ორ ფაზად განხორციელდება. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება 260 მეტრამდე ნავმისადგომი, თავად პორტი კი 12 მეტრი სიღრმის იქნება. ასევე ამ 93 მილიონში შედის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორიცაა ლიანდაგები, ღია და დახურული სასაწყობე მეურნეობები. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არაა ახალი პროექტი. აქ სამუშაოები „პეის ჯგუფმა “ 2015 წლიდან დაიწყო. პროექტის პირველი ფაზა ნაწილობრივ შესრულებულია, 93 მილიონიდან დახარჯული გვაქვს 28 მილიონი."პეის ტერმინალი“ მოქმედია, აქ ვამუშავებთ ტვირთებს და ტერმინალი ისეა დატვირთული, რომ ითხოვს ღრმაწყლოვან პორტს. აქ გვაქვს დაახლოებით 10 ჰექტრამდე ღია და 30 ათასი ტონის ტევადობის დახურული საწყობი. ვამატებთ 50 ათასი ტონის ტევადობის დახურულ საწყობს იმიტომ, რომ არის მოთხოვნა, არსებული საწყობი უკვე შევსებულია, დასაწყობებული გვაქვს კარბამიდი, მინერალური სასუქი და გვჭირდება დამატებითი ინფრასტრუქტურა. ეს საწყობები და ინფრასტრუქტურა გაატარებს დაახლოებით 1.5 მლნ ტონა ტვირთს. ტვირთების სიდიდიდან გამომდინარე საჭიროა დიდი გემების მიღება შეგვეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტვირთვებს დავკარგავთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ „პეის ჯგუფი“ ათასამდე ადამიანს ასაქმებს და ამ პროექტის შედეგად მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება.

- უკვე შერჩეულია თუ არა კომპანია, რომელიც პორტში სამუშაოებს შეასრულებს? ამასთან, რომ ვისაუბროთ პროექტის მეორე ეტაპზეც, რას გეგმავთ და მეორე ეტაპის ფარგლებშიც განიხილება თუ არა Opic-თან თანამშრომლობა?

- უკვე მზად გვაქვს სატენდერო დოკუმენტაცია. ორ-სამ თვეში გამოვაცხადებთ ტენდერს, რის შედეგადაც გამოვავლენთ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას. სავარაუდოდ, ქართული კომპანიები ტენდერში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, რადგან Opic-ის მოთხოვნები საკმაოდ მაღალ სტანდარტებს უკავშირდება. ეს კომპანიები ძირითადად არიან ნორვეგიელები, ჰოლანდიელები, თურქები, რომელთაც უკვე გამოთქვეს ინტერესი. ცხადია, შერჩეულ კომპანიას ქვეკონტრაქტორები დასჭირდება და ჩვენ იმ ქართულ კომპანიებს გავუწევთ რეკომენდაციას, რომელებთანაც აქამდე წარმატებით ვთანამშრომლობდით.

საკმაოდ მკაცრი გრაფიკი გვაქვს, სამუშაოების პირველი ეტაპი დაწყებიდან 18 თვეში უნდა დამთავრდეს. ფოთში 2020 წლის ბოლოს ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი გვექნება.

რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, არა მარტო opic-მა, სხვა ფინანსურმა ინსტიტუტებმაც გამოთქვეს სურვილი პროექტის მეორე ეტაპზე ითანამშრომლონ. ვგეგმავთ სასაწყობე მეურნეობის განვითარებას, მათ შორის თხევადი ტვირთებისთვის. ამჟამად აქცენტი ძირითადად ნაყარ ტვირთებზე გვაქვს.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გადაწყვეტილების მიღებისას არ ვჩქარობთ. მოთხოვნის მიხედვით, ეტაპობრივად ვავითარებთ პორტს და ამასთან, სხვა პორტებისგან განსხვავებით, ნულიდან არ ვიწყებთ. პროექტის სამომავლო განვითარება ბაზრის საჭიროების მიხედვით მოხდება.

- აღნიშნეთ, რომ ტვითების არსებობიდან გამომდინარე გადაწყვიტეთ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ბოლო 6 წელია პორტებში ტვირთბრუნვა მცირდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყნის სატრანზიტო დერეფანი უკვე არაკონკურენტულია და სტრატეგიულ და რეგიონალურ ფუნქციას კარგავს. ამასთან, ბათუმის პორტში მინერალური სასუქების გადატვირთვის ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, შენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ამის გათვალისწინებით ელით თუ არა კონკურენციის გამწვავებას და ტვირთების შემცირებას ?

- ტვირთი თავისთავად არასდროს მოვა, ტვირთები უნდა მოვიზიდოთ სანდო და საიმედო გარემოს შეთავაზებით. კონკურენციას ვერ გავექცევით, კონკურენციაში პრობლემა არ არის, აუცილებელია, რომ თითოეულმა პორტმა მნიშვნელოვანი ტვირთნაკადი მოიზიდოს და ამით ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეული წვლილი შეიტანოს. პორტები ერთმანეთს მოზიდული ნაკადების წართმევაში კი არ უნდა უწევდნენ კონკურენციას, ახალი ნაკადებისა და ტვირთების მოზიდვას უნდა ცდილობდნენ. კონკურენცია არ არის მარტო დაბალი ფასები, ეს არის სანდოობის და სტაბილურობის განცდის შექმნა. მე ცხადია, ვერ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა გათვლები და პროგნოზები აქვთ ანაკლიის პორტის მშენებლობისას, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ - „პეის ჯგუფი“ ჯერ ვიზიდავთ ტვრთებს და მოთხოვნის გაჩენის შემდეგ ვამატებთ სიმძლავრეებს.

- ახალი ტვირთის მოზიდვის მნიშვნელობაზე საუბრობთ. რომ გვითხრათ მაგალითები, უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- „პეის ტერმინალს” 27 წლიანი ისტორია აქვს და არაერთი მაგალითის დასახელება შემიძლია, როდესაც საკუთარი ძალისხმევით ახალი ტვირთების მოზიდვა შევძელით. ალუმინის ოქსიდი, რომელიც არის ნედლეული ალუმინის წარმოებისთვის - ტაჯიკეთის ქარხანა რუსეთიდან ატარებდა ამ ოქსიდს. ჩვენ მოვახერხეთ მათი დარწმუნება, თავიდან საცდელად 35 ათასი ტონის გადატანა მოხდა ფოთის პორტის საშუალებით, შემდეგ კი ყოველწლიურად 150 ათას ტონაზე ავედით. ტაჯიკეთის ქარხნისთვის ფოთის პორტი ერთგვარი ჰაბი გახდა და აქედანვე ხდებოდა ალუმინის რეალიზაცია ევროპის ბაზართან სიახლოვის წყალობით.

„პეის ტერმინალმა” პირველმა საქართველოში შეძლო ისეთი ტვირთების დამუშავება, რომელთა მიღებაც ჩვენი ქვეყნის არც ერთ ნავსადგურს არ შეეძლო, მათ შორისაა თურქმენული მინერალური სასუქი – კარბამიდი, რომელიც 2016 წლიდან ფოთზე გადმომისამართდა. მანამდე ტრანსპორტირება რუსეთისა და ირანის გავლით ხდებოდა.

ასევე „პეის ჯგუფმა“ პირველმა აამოქმედა თანამედროვე რევერსული ტიპის ხორბლის გადასატვირთი ტერმინალი, რომელიც ერთადერთია ქვეყანაში. შარშან გავატარეთ 100 ათასი ტონა რუსულ-ყაზახური ხორბალი. “პეის ტერმინალი” ახორციელებს შუა აზიის ქვეყნებში წარმოებული მინერალური სასუქების მიღება დამუშავებას.

ჩვენი ტერმინალის საშუალებით, ჯერ კიდევ 2015-2017 წლებში ხორციელდებოდა ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის, “Shah Deniz 2”- ის ფარგლებში BP-ის გაზსადენის მილების ტრანსპორტირება. შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იყო ქვეყანაში, ჩვენ უზრუნველვყავით ამ მილების შემოტანა და დასაწყობება.

ცხადია, ტვირთების მოზიდვა მარტივი პროცესი არაა და ბევრ მუშაობას საჭიროებს, თუმცა შესაბამისი ძალისხმევით ეს შესაძლებელი და რეალურია.

- როგორც ცნობილია, სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული ანაკლიის პორტის მშენებლობაში. მთავრობა პროექტს 100 მლნ დოლარით აფინანსებს და ვალდებულება აქვს აღებული, რომ უნდა გააკეთოს პორტამდე მისასვლელი გზა და რკინიგზა. ფოთის პორტის შემთხვევაში თუ არის სამთავრობო მხარდაჭერა და რა ფორმით გამოიხატება ეს?

- მთავრობისგან ფინანსური მხარდაჭერის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს. ფოთის პორტის შემთხვევაში პროექტი არის თანამშრომლობა კერძო კომპანიას - „პეის ჯგუფსა“ და ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციას შორის. რაც შეეხება სახელმწიფოს ჩართულობას, გვაქვს მხარდაჭერა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პროექტის დაფინანსებაზე ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ამასთან, ცერემონიას უცხოელი სტუმრებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტისა და მთავრობის წევრები.

- როგორი იყო გასული წელი „პეის ჯგუფისთვის“ და როგორია თქვენი მოლოდინი მიმდინარე წელთან დაკავშირებით?

- 2018 წელი ფინანსური თვალსაზრისით მძიმე იყო კომპანიისთვის. ჩვენი ტვირთბრუნვა საშუალოდ 3 მლნ ტონას შეადგენს, თუმცა შარშან 2.6 მლნ ტონამდე შემცირდა. 2018 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება დავდეთ და წელს უკვე ტვირთების 700 ათასი ტონით გაზრდას ველოდებით. გაიზრდება რუსული ნახშირის, თურქმენული გოგირდის, ხორბლის ნაკადები. გასული წლის განმავლობაში „პეის ჯგუფმა“ მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა, რამდენადაც ბევრი კომპანია დავარწმუნეთ ჩვენთან ითანამშრომლონ.

მარიამ ტიტვინიძე

„ინტერპრესნიუსი“

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა