გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მოსალოდნელი იყო იმ კანონპროექტის ჩავარდნა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მოსალოდნელი იყო იმ კანონპროექტის ჩავარდნა, რომელიც საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს.

გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, 9 დეპუტატის ეს კანონპროექტი კონსტიტუციურ ნორმებს ვერ პასუხობდა, ვინაიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა თვითონ კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

„საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ ერთ გამონაკლისს უშვებს მოსამართლის უვადოდ დანიშვნის წესიდან და ეს არის პირველად განწესების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მოსამართლე სამი წლის ვადით განწესდეს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში, მოსამართლე უნდა დაინიშნოს უვადოდ. ამიტომ ვფიქრობდი, რომ შესაძლოა, ეს კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში ყოფილიყო. ასე რომ, ეს შედეგიც მოსალოდნელი იყო", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

21 თებერვალს, პარლამენტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 45-მა დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერდნენ ხელს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს