ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიზიტით მყოფმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ გენადი ონიშნეკოს განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრი გახდა რუსეთის მხრიდან მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე, რომელმაც დაუსაბუთებლად დაადანაშაულა ცენტრი, თითქოსდა აშშ-ის ხელშეწყობით ატარებს საშიშ ექსპერიმენტებს და ამზადებს ბიოლოგიურ იარაღს.
სოფო ქაცარავას განცხადებით, რეალურად ლუგარის ცენტრი არის უნიკალური ლაბორატორია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხეების შემცირებას და ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების ზრდას.
„ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ საზოგადოებასთან და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ლუგარის ცენტრის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საქართველოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის 14-15 ნოემბერს ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ“ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტთა წარმომადგენლობით დელეგაციას მასპინძლობდა, რომელში მონაწილეობაზეც რუსულმა მხარემ უარი განაცხადა.
აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.