ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის კიდევ ერთი მონაწილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს ითხოვს

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მონაწილის, ლაშა სიხარულიძის ადვოკატი გიორგი ანთაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ითხოვს. როგორც ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს ცნობს სრულიად უდანაშაულოდ. ბრალდების მხარე ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ჩვენ ალტერნატივის სახით შევთავაზებთ გირაოს", -განაცხადა ანთაძემ.

კითხვაზე, რომ არსებობს მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ გასროლა ლაშა სიხარულიძემ მოახდინა, ადვოკატი პასუხობს: ,,ამ ტაპზე არცერთი მოწმე არ არის დაკითხული. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვერც ერთი მოწმე ვერ დაადასტურებს, რომ ლაშა სიხარულიძემ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული", - დასძინა ადვოკატმა.

ბრალდების მხარე ლაშა სიხარულიძისთვის 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ხუთივე პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-108 მუხლებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 375-ე და 376-ე მუხლების მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ზვიად ჯაფარიძის განზრახ მკვლელობაში მხილებულ 40 წლის მამაკაცს, სამართალდამცველები მას ამ დრომდე ეძებენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს