პროკურორის განცხადებით, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხუთი დაკავებულიდან, გამოძიებასთან არც ერთი არ თანამშრომლობს

ხუთი დაკავებულიდან ამ დრომდე გამოძიებასთან არც ერთი არ თანამშრომლობს, - ამის შესახებ პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა ჟურნალისტებს ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ხუთი პირისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ განუცხადა.

„არსებობდა ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებათა განადგურების, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების ან სხვა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები წარსულში იყვნენ ნასამართლევები. ერთ ბრალდებულს ბრალი ედება მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით. ერთი პირი პატიმრობაში მიცემულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში და შეუტყობინებლობაში. სამი პირი პატიმრობაშია მიცემული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში", - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც პროკურატურა ადასტურებს დაკავებულების ბრალეულობას, პროკურორი ამბობს, რომ მომხდარზე ძალიან მოკლე დროში სქელტანიანი სისხლის სამართლის საქმე შეიკრა, რომელიც წარდგენილია სასამართლოში.

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 18 აპრილს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ხუთივე პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-108 მუხლებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 375-ე და 376-ე მუხლების მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ზვიად ჯაფარიძის განზრახ მკვლელობაში მხილებულ 40 წლის მამაკაცს, სამართალდამცველები მას ამ დრომდე ეძებენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს