საპენსიო სააგენტო სარეკლამო კამპანიაზე - ვალდებული ვართ, რომ მოქალაქეებს სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ და ამისთვის ყველა შესაძლო საშუალებას გამოვიყენებთ

ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ქვეყნის მოქალაქეებს სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ და ამისთვის ყველა შესაძლო საშუალებას გამოვიყენებთ,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოში დაგეგმილი საინფორმაციო და სარეკლამო კამპანიის კომენტირებისას განუცხადეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს და შესყიდვების სააგენტოსგან ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას ელოდება.

როგორც საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, საზოგადოების ინფორმირებულობა დაგვიანდა, განსაკუთრებით რეგიონებში არის ინფორმაციის დეფიციტი, ნეგატიური დამოკიდებულება და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით აპირებენ სისტემაში ჩართული ყველა მხარის კითხვებს დროული და ამომწურავი პასუხი გასცენ. სააგენტოში სწორედ საინფორმაციო კამპანიის დროული ჩატარების საჭიროებით ხსნიან იმას, რომ ტენდერის გამოცხადების ნაცვლად, პროცედურულად შედარებით უფრო მარტივი -პირდაპირი წესით შესყიდვა მოითხოვეს.

„ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, როდესაც უამრავ მონაწილეზეა საუბარი და რეფორმა ეხება პრაქტიკულად ყველა დასაქმებულ მოქალაქეს, ნებაყოფლობით ჩართულებს, მათ შორის უცხოელებს, რომლებიც საქართველოს რეზიდენტები არიან, ჩვენ გვაქვს ვალდებულება მათ დროულად ავუხსნათ პროცედურები დარეგისტრირებასთან, სისტემის დატოვებასთან, პერსონალური გვერდის შემოწმებასთან, ფულის გატანის წესებთან დაკავშირებით. მივაწოდოთ ინფორმაცია უცხოეთში არსებული ანალოგებისა და სისტემის დადებითი მხარეების შესახებ. მარტიდან დაიწყება საინფორმაციო კამპანია, რომელიც ყველა ჩართული ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი“,- აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, ამჟამად საპენსიო დანაზოგის სახით 60 მლნ ლარზე მეტია აკუმულირებული. დაგროვებით საპენსიო სისტემაში უკვე 41 000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული და 500 000 ათასი დასაქმებულის საპენსიო ანგარიშია გახსნილი.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს