ომბუდსმენი - საქართველოში დღემდე არ ხდება შეფასება, რა გავლენა აქვს ჰაერის დაბინძურებას ჩვენს ჯანმრთელობაზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხთან დაკავშირებით სპეციალურ ანგარიშს წარადგენს. ანგარიში სუფთა ჰაერზე უფლების მნიშვნელობას, მისი სრულფასოვნად რეალიზების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს ასახავს.

როგორც ანგარიშშია მოცემული, მიუხედავად ბოლო დროს ქვეყანაში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით ვითარება კვლავ მძიმეა.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში არ ხდება ჰაერის დაბინძურების ზუსტი გავლენის შეფასება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რის უმთავრეს მიზეზადაც ჰაერის ხარისხის მონიტორინგის არსებული სისტემა სახელდება. კერძოდ, ჰაერის დაბინძურებას 6 ქალაქში განთავსებული 10 სადამკვირვებლო სადგური სწავლობს, რაც ქვეყნის მასშტაბით სრულფასოვან სურათს არ იძლევა.

„ჯანსაღი ჰაერის უფლება ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ავადმყოფობასთან და სიკვდილიანობასთან აქვს პირდაპირი კავშირი ჰაერის დაბინძურებას. სამწუხაროდ , საქართველოში დღემდე არ ხდება შეფასება, თუ რა გავლენა აქვს ჰაერის დაბინძურებას ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის, ის რომ დღემდე ვერ ხდება ჰაერის დაბინძურების სრულფასოვანი კონტროლი. მხოლოდ ექვს ქალაქში ხდება კონტროლი ათი სადგურის საშუალებით, რაც ვერ ასახავს იმ რეალურ სურათს, რაც საქართველოშია“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სპეციალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ჰაერის დაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო სრულად არ ასახავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს; ამ დრომდე დანერგილი არ არის სამეწარმეო საქმიანობიდან მომდინარე ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და პრევენციის ქმედითი ბერკეტები; ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ძირითადი წყაროები (მრეწველობა, ენერგეტიკა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა) არ ექცევა ქმედითი გარემოსდაცვითი რეგულაციების ქვეშ, ხოლო ჰაერის დაცვის სფეროში დადგენილი ცალკეული სანქციები ვერ უზრუნველყოფს რეგულაციების განგრძობითი უგულებელყოფის პრევენციას.

„მიუხედავად იმისა, რომ რისკების შემცირებას ხელს უწყობს მწვანე ურბანული სივრცეები, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი ქუთაისში დაახლოებით 8 მ2-ს შეადგენს, ბათუმსა და რუსთავში 5-6 მ2-ს, თბილისში კი დღემდე არ არის განსაზღვრული. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი ძირითადად 25 მ2-ს აღემატება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და პრევენციისთვის სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მუნიციპალიტეტს – როგორც საკანონმდებლო, ისე პოლიტიკის დონეზე, დროული და ქმედითი ღონისძიებების განხორციელების რეკომენდაციებით მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო