მე მიმდინარე პროცესს არ დავარქმევდი დაშლის პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების შესაბამის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
დავით სერგეენკოს თქმით, პარლამენტში არ უნდა მოხდეს ემოციური გადაწყვეტილებების მიღება.
„მე მიმდინარე პროცესს არ დავარქმევდი დაშლის პროცესს. ჩემი მოსაზრება ასეთია, რომ ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველო გახდა საპარლამენტო რესპუბლიკა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნისათვის მთავარ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტი, როგორც წესი, არის ადგილი, სადაც ხდება გარკვეული მოსაზრებების შეჯერება. რიგ შემთხვევაში ამ მოსაზრებების შეჯერება ვერ ხერხდება და პარლამენტის წევრები რჩებიან თავის აზრზე.
ჩემი აზრით, მთავარია არა ის, თუ ვინ რა ემოციურ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგალითად, თუ კანონპროექტი არ გავიდა, დატოვოს უმრავლესობა. მე ვფიქრობ, რომ მთავარია, პარლამენტმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყნის წინსვლისკენ იქნება გადადგმული,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.