მალარიის არც ერთი ლოკალური შემთხვევა საქართველოში საბედნიეროდ, არ გვაქვს, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორთან გამართული შეხვედრის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო როგორც მალარიას, ისე შიდსსა და ტუბერკულოზს მართავს. ამ პროცესში კი ქვეყანაში მალარია თითქმის სრულად აღმოფხვრილია და ის შემთხვევები, რაც ფიქსირდება, უცხოეთიდან არის შემოტანილი.
ამასთან, დავით სერგეენკომ შიდსისა და ტუბერკულოზის აღმოფხვრის პროცესზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული დაავადებების მკურნალობას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და მოსახლეობას როგორც სკრინინგზე, ისე მედიკამენტებზე ხელმოსაწვდომობა აქვს.
„ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო ამ შემთხვევაში, მართავს, 3 დაავადებას: მალარია, შიდსი/აივ შიდსი და ტუბერკულოზი. მალარიის არც ერთი ლოკალური შემთხვევა საქართველოში საბედნიეროდ, არ გვაქვს. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც შემოტანილია ანუ საქართველო შეიძლება ჩაითვალოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყანად. რაც შეეხება ტუბერკულოზს, რა თქმა უნდა, მკურნალობა აბსოლუტურად მიწვდომადია, მას მთლიანად აფინანსებს სახელმწიფო და დონორები. ტუბერკულოზს ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, საჭიროა, არამხოლოდ მედიკამენტებთან ხელმისაწვდომობა, არამედ პაციენტებთან აქტიური მუშაობა, რათა მათ მკურნალობა არ შეწყვიტონ. რაც შეეხება შიდსს, აქაც მდგომარეობა კონტროლირებადია. რა თქმა უნდა, სკრინინგით მოცვა უფრო მაღალი უნდა იყოს, თუმცა ჰეპატიტთან ერთად, ინტეგრირებულად ტარდება და ამ მხრივ სერვისები სრულად მისაწვდომია. მათ მთლიანად სახელმწიფო და დონორები აფინანსებენ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.