რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დამნაშავეების გარდა, არავის დაკავებას არ ვისურვებდი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ ამ საგამოძიებო პროცესში გარკვეული, ეს პროკურატურის და გამოძიების საქმეა,- ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტების მიერ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც მათი შესაძლო დაკავების საკითხს ეხებოდა.
მინისტრმა “თიბისი ბანკის” საქმესთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მიერ განხორციელებული აქტივობებიც შეაფასა. დავით სერგეენკოს თქმით, პროკურატურის აქტივობა საზოგადოების ინფორმირების მიმართულებით დადებითია.
“ისეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი, როგორიც “თიბისი ბანკია” და მასთან მიმართებაში ნებისმიერი საქმე უნდა იყოს საინფორმაციო ველში მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოქცეული, რომ საზოგადოებას, დარგის ექსპერტებს ამის თაობაზე მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეთ. ამ კუთხით თუ განვიხილავთ პროკურატურის დღევანდელ აქტივობას, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა აქტივობას, ეს მხოლოდ დადებითია ჩემი აზრით, რადგან საზოგადოებისთვის რაც შეიძლება მეტი გამჭვირვალე და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება, რომ არ იყოს ცრუ მოლოდინები, საფრთხეები და რაღაც ნეგატიური მოლოდინები. საინფორმაციო კამპანია ჩემს წარმოდგენაში, ალბათ აქტივობების მწკრივია. პროკურატურამ დღეს თავისი სათქმელი თქვა. მე რასაც თვალს ვადევნებ, საინფორმაციო ველში მსჯელობა სულ მიდის და ეს ჩემი აზრით მისასალმებელია, რადგანაც არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა იყოს. თვითონ საქმის მიმდინარეობაში მართლა არ ვარ ჩახედული და გამიჭირდება ამის პროგნოზირება. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დამნაშავეების გარდა, არავის დაკავებას არ ვისურვებდი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ ამ საგამოძიებო პროცესში გარკვეული, ეს პროკურატურის და გამოძიების საქმეა”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკის“ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გამოკითხვების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილია, ხოლო სხვა პირებზე ინფორმაციის გავრცელება საგამოძიებო უწყებას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.