რკინიგზელთა პროფკავშირი  სს „ელმავალმშენებელში“  შექმნილი ვითარების გამო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი სს „ელმავალმშენებელში“ შექმნილი ვითარების გამო განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ელმავალმშენებელი ქარხნის" თანამშრომლების სახელფასო დავალიანების გასტუმრებისთვის ადმინისტრაციამ მზაობა გამოთქვა, რომ ფულადი სახსრების მოძიებისთანავე დაფაროს სახელფასო დავალიანება.

„ინტერპრესნიუსი“ საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „როგორც ცნობილია, სს „ელმავალმშენებელში“ შექმნილია უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. ქარხანაში დასაქმებულ პერსონალს 6 თვის განმავლობაში არ მიუღიათ კუთვნილი ხელფასები. ჩვენ ვიზიარებთ და ვეთანხმებით მათ მოთხოვნებს სახელფასო დავალიანების გასტუმრებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ელმავალმშენებლი ქარხნის პროფესიულმა კავშირმა, რომელიც არის საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის წევრი ორგანიზაცია და აქტიურადაა ჩართული მიმდინარე პროცესებში, მოგვმართა თხოვნით, რომ დავხმარებოდით და მხარი დაგვეჭირა დასაქმებულებისთვის.

ჩვენი მხრიდან შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, რკინიგზელთა პროფესიული კავშირის ჩართულობით განხორციელდა შეხვედრა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და დასაქმებულთა უმრავლესობას შორის. მოლაპარაკების დროს ადმინისტრაციამ აღიარა დავალიანება პერსონალის წინაშე და გამოთქვა მზაობა ფულადი სახსრების მოძიებისთანავე დაფაროს სახელფასო დავალიანება, რაც ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით დადასტურდა.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ნათესაურ კავშირში იმყოფება ელმავალმშენებელი ქარხნის გენერალურ დირექტორთან დავით გორგოძესთან, რაც დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს მედიატორის როლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის და სრულ თანადგომას და სოლიდარობას უცხადებს ელმავალმშენებლი ქარხნის თანამშრომლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სს „ელმავალმშენებელი ქარხნის" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი არსებული სახელფასო დავალიანების დაფარვას და საწარმოს ამუშავებას ითხოვდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე