ლევან კობერიძე - მე არ ვისურვებდი, რომ პროკურატურამ ასე გააგრძელოს მუშაობა მომავალში

არანაირად არ ვარ კმაყოფილი პროკურატურის ქმედებით, არ ვისურვებდი, რომ პროკურატურამ ასე გააგრძელოს მუშაობა მომავალში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ის ელოდება რეფორმირებულ პროკურატურას და არა ისეთს, რომლის პრესკონფერენციებით მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება საზოგადოებაში.

„გასააზრებელია ის, თუ რა პროცესის წინაშე ვართ. აბსოლუტურად ჩამოყალიბებული ბიზნესი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ისტორია, მოვიდა დღეს პარლამენტში და ძალიან გამართულად, მაღალი კლასის დონით გვეუბნება, რომ აქვს გარკვეული პრობლემა, კითხვები და სიტუაცია, რომელთან დაკავშირებითაც დახმარებას სთხოვს პოლიტიკოსებს და პარლამენტს, რომ ამაში გაერკვეს. მათი თხოვნაა, რომ როგორც ისინი ღიად საუბრობენ ყველაფერზე, ჩვენ ხელი შევუწყოთ, რომ პროცესი იმდაგვარად წარიმართოს, რომ საგამოძიებო ან სხვა უწყებებმა ღიად და სწრაფად დააყენონ შედეგები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ უნდა გავიაზროთ. რაც არ უნდა ბევრი კითხვა დავსვათ, გამოძიებას ვერ მოვაწყობთ, აქ სრულყოფილ გამოძიებას ვერ ვაწარმოებთ. პოლიტიკური ჭრილიდან შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ მე არანაირად არ ვარ კმაყოფილი პროკურატურის ქმედებით და მაინტერესებს, რატომ ხდება ასეთ საკითხზე მსაგავსი ტიპის პრესკონფერენციებით მსჯელობა, მაშინ, როცა მეორე მხრივ, სასწორზე დგას არა მხოლოდ ინდივიდების რეპუტაცია, არამედ იმ პროექტის(ანაკლიის პორტი) პერსპექტივა, რაც კონსტიტუციაშია ჩაწერილი. მე ველოდები რეფორმირებულ პროკურატურას და არა ისეთს, რომლის პრესკონფერენციებით მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება საზოგადოებაში. ნებსით თუ უნებლიედ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული რეპუტაციული ზიანის მიყენება ხდება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დეპუტატმა რეპუტაციის შელახვის მიმართულებით ის ფაქტი გაიხსენა, როცა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა.

„მე შეგახსენებთ, რომ საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ითქვა, რომ თურმე ვიღაცას მოპარული აქვს 700 მლნ, მას მერე გავიდა 8 თვე და არაფერი თქმულა ამის შესახებ, მაგრამ ლაქა დარჩა. ეს პროკურატრურის პასუხისმგებლობაა. მე არ ვისურვებდი, რომ პროკურატურამ ასე გააგრძელოს მუშაობა მომავალში“, - აღნიშნა დეპუტატმა.

როგორც კობერიძემ აღნიშნა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში ხდება მამუკა ხაზარაძის, როგორც ადამიანური კაპიტალის ცვეთა.

„მიჩნდება კითხვა, თუ ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ადამიანური კაპიტალის ცოდნაზე დაყრდნობით წავიდეთ წინ, მაშინ ახლა რა პროცესთან გვაქვს საქმე. თუ აქ ვინმეს ბრალეულობა არის, მაშინ დროზე დადგეს ეს განაჩენი. ასე არ შეიძლება საკითხის გამოკიდება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ამასთან, დეპუტატი დაინტერესდა, თუ სად არის „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი ვახტანგ ბუცხრიკიძე და რატომ არ არის დამფუძნებლების გვერდით დღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა