ის, რომ ბავშვები და ხანდაზმულები არ კვდებიან, არის მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის დამსახურება, სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?!, - ამ სიტყვებით მიმართა სოციალურმა მუშაკმა, ქეთევან ხუციშვილმა პარლამენტში, ჯანდაცის კომიტეტზე მისულ ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს.
სოციალურმა მუშაკმა სიტყვით გამოსვლისას იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც მას და მის კოლეგებს მუშაობის დროს ექმნებათ.
„ამბობენ, რომ სოციალური მუშაკების რიცხვი არის 238, თუმცა ეს ასე არ არის, რადგან წლების განმავლობაში ხდებოდა კადრების გადინება სისტემიდან და არ ხდებოდა ახლების მიღება. დღეს, როცა საუბარია, რომ მიმდინარე წელს 50 სოციალურ მუშაკს მიიღებენ, ეს არ იქნება კადრების დამატება, ეს იქნება კადრების შევსება. ძალიან მიხარია, რომ დეპუტატებს გააზრებული აქვთ ის, რაზეც ჩვენ ვწუხვართ და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს არის 100 ათასობით ყველაზე დაუცველი ადამიანის პრობლემა ქვეყანაში, რომელთანაც მიდის პირველი და რჩება ბოლომდე სოციალური მუშაკი. ბოლომდე დარჩენაში მართლა ბოლომდე დარჩენა იგულისხმება, რადგან მაგალითად სოციალური მუშაკები ხშირად დასაკრძალ ადგილებს ეძებენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მიატოვა თავის ოჯახმა და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო, რომ პანსიონატებში გადაეყვანა. სოციალური მუშაკები ვითხოვთ თავშესაფრებს ამ ადამიანებისთვის, ჩვენ ვითხოვთ ჩვენს სერვისებს ბავშვებისთვის. უკვე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ სოციალური მუშაკები იმაზე, რომ ამ ფიზიკური, ემოციურ და ადამიანური რესურსებით საქმეს ვერ ვაკეთებთ, რის გამოც ზარალდებიან პირველ რიგში ყველაზე დაუცველი ადამიანები ჩვენს უკან“, - განაცხადა სოციალურმა მუშაკმა.
მან მინისტრ დავით სერგეენკოს მიმართა განემარტა, თუ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს იმ კრიზისთან დაკავშირებით, რაც მაგალითისთვის გლდანის სერვის-ცენტრშია შექმნილი.
„რა გეგმა გაქვთ კრიზისის მართვის იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება გლდანის სერვის-ცენტრში. სერვის-ცენტრი უკვე ერთი თვეა მუშაობს უფროსი სოციალური მუშაკის გარეშე, ცენტრში სულ მუშაობს 10 ადამიანი, რომელთაგან 6 არის ახალი მოსული, არ არსებობს არანაირი შიდა სამუშაო ინსტრუქცია, როგორ განაწილდეს საქმეები. ერთი კვირის მოსული ადამიანი მიდის და მუშაობს სექსუალურ ძალადობაზე. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მას რაღაც აუცილებლად შეეშლება?! ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ერთ მუშაკს კვირაში 100 საქმე ეწერება და განცხადების წაკითხვას ვერ ასწრებენ?! ჩვენ ასეთ შემთხვევაში ვამბობთ-ხოლმე - ის, რომ ბავშვები და ხანდაზმულები არ გვიკვდებიან, არის მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის დამსახურება. სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?!“ - მიმართა სოციალურმა მუშაკმა დავით სერგეენკოს.