სოციალური მუშაკი რატომ უნდა ვუხსნიდე სამი საათის განმავლობაში ჩემს დამსაქმებელს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 4 დედმამიშვილის დაშორება არ შეიძლება?! - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მისულ ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს გლდანი ნაძალადევის სერვის-ცენტრის ყოფილმა სოციალურმა მუშაკმა მარიამ ბანძავამ.
სოციალურმა მუშაკმა კომიტეტის სხდომაზე იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მათ მუშაობის პროცესში ექმნებათ და პასუხისმგებლობა ამაზე სახელმწიფოს დააკისრა.
„ჩემი სამუშაოს ბოლო დღეს ოჯახიდან გამოვიყვანეთ 4 მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც იყო ძალადობის მსხვერპლი. პირველ რიგში იყო ისევ და ისევ ტრანსპორტირების პრობლემა. ამის შემდეგ, 4 ბავშვი, რომელიც იყო ოჯახის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, მივიყვანეთ იმ სერვისცენტრში, სადაც ელემენტარული, 10 კვადრატული მეტრი სივრცე არ არსებობს, რომ ეს ბავშვები გადაგვეყვანა, ვიდრე მათი ბედი გადაწყდებოდა. დავრეკეთ სერვისცენტრში და მოვითხოვეთა ადგილი ამ ბავშვებისთვის, დეპარტამენტში კი გვითხრეს, რომ 4 დედმამიშვილი უნდა დავაშოროთ ერთმანეთს და ამაზე პასუხი არის ის, რომ თბილისის მასშტაბით არ არსებობს მიმღები ოჯახი, არ არსებობს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ადგილები, რომ ეს 4 ბავშვი გადავიყვანოთ. ამ დროს არის კითხვა, რატომ მეუბნებიან მე, რომ დღეს სხვა გზა არ გვაქვს და მოდით ეს ბავშვები დავაშოროთ, რატომ უნდა ვუხსნიდე სამი საათის განმავლობაში ჩემს დამსაქმებელს, რომ 4 დედმამიშვილის, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაშორება არ შეიძება, ეს არის ბავშვის უფლებების დარღვევა. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? სოციალური მუშაკი ფსიქოლოგი, ოჯახი თუ კონკრეტულად სახელმწიფო“,- განაცხადა ბანძავამ.