სოცმუშაკი სერგეენკოს - ფსიქიკური ჯანმრთელობის ადამიანი დაწესებულებაში ჩარიცხვაზე რიგშია 21-ე, მას რომ რამე მოუვიდეს, ვისი პასუხისმგებლობა დადგება?

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი, რომელსაც მეურვე გარდაეცვალა და მარტო დარჩა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩარიცხვაზე რიგშია 21-ე - იქ განთავსებამდე მას რომ რამე მოუვიდეს, ვისი პასუხისმგებლობა დადგება? - ამ სიტყვებით პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა მიმართა.

მისივე თქმით, დიაგნოზიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, ეს ადამიანი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მუდმივ ცხოვრებას საჭიროებს, მაგრამ როდის მოუწევს მას რიგი, უცნობია.

„ერთ-ერთი ბენეფიციარის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე სრულწლოვანი შვილის მეურვედ დანიშნული იყო მისივე დედა. ეს ქალბატონი დაავადდა სიმსივნით და გასული წლის ზაფხულიდან წერდა განცხადებებს, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს გარდაიცვალოს, მის შვილს კი ყოველდღიური ზრუნვა სჭირდება. ის შვილის ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსებას ითხოვდა. ამ ადამიანის დიაგნოზიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, ის არ შეესაბამებოდა სათემო ორგანიზაციაში ჩარიცხვას და ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მუდმივ ცხოვრებას საჭიროებს. დედა გარდაიცვალა შემოდგომაზე და თავისთავად მეურვეობა როგორც საქმე შეწყდა, თუმცა ეს კონკრეტული ადამიანი დარჩა მარტო, მას არ ჰყავს მომვლელი და ის არის რიგში 21-ე. მას არ აქვს უნარ-ჩვევები, არ იცის, რომ ზამთარში თბილად უნდა ჩაიცვას, არ იცის საკვების მომზადება და ასე შემდეგ. როდის მოუწევს მას რიგი, არ ვიცი, და მაინტერესებს, ფსიქიატრიულში ჩარიცხვამდე მას რომ რამე მოუვიდეს, ვისი პასუხისმგებლობა დადგება? ჩემი როგორც სოციალური მუშაკის თუ ინსტიტუციური პასუხისმგებლობა იქნება?“ - მიმართა სოცმუშაკმა მინისტრს.

თავის მხრივ, დავით სერგეენკომ აღნიშნული ბენეფიციარის საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა და განაცხადა, რომ ამ პრობლემას თვითონ მიხედავს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა