სოციალური მუშაკების დატვირთვა გასამმაგდა, მათი მხარდაჭერა კი, გარდა 2015 წელს ხელფასის 100-ლარიანი ზრდისა, არ მომხდარა, - ამ სიტყვებით პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მიმართა.
„პასუხები, რომლებიც მინისტრისგან მოვისმინეთ, მართალია, ბოლომდე ვერ გვაკმაყოფილებს, მაგრამ მედიაციის პროცესში ჩვენ ეს პასუხებიც ვერ მივიღეთ. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ სამინისტროს მენეჯმენტის კრიზისული პრობლემა აქვს. აქ არავინ ფიქრობს, რომ მინისტრმა უნდა იცოდეს, რამდენი დაუცველი ბავშვია ჩოხატაურის კონკრეტულ სოფელში. ლაპარაკია იმაზე, რომ მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ ოჯახის გაძლიერების პროგრამები არ არსებობს. თქვენ დამისახელებთ კრიზისულ პროგრამას, რომელიც ერთადერთია, და აქვე გეტყვით, რომ ერთი წელი ელოდება ჩვილბავშვიანი მშობელი, რომ ბავშვს ამ პროგრამამ საჭმელი შეუძინოს. რაც შვრებიან ამ დროს? სოცმუშაკი მიდის, ნათესავებს ფულს ესესხება ან აფთიაქებს ეხვეწება, რომ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი გადაარჩინოს. არანაირი ინტერესი არ მაქვს ამაზე ვილაპარაკო, ეს რომ სიმართლე არ იყოს. სამინისტრომ ჩემზე კარგად იცის, რომ ეს არის ჭეშმარიტება. 2012 წლის შემდეგ მოხდა რამდენიმე ძირითადი რეფორმა. ჯანდაცვას არ შევეხებით, სადაც კარგი რაღაცები მოხდა და ვაფასებთ ამას, მაგრამ სოციალური დაცვის მიმართულებით პრაქტიკულად ვერც ერთ რეფორმას ვერ ვიხსენებ. თუ თქვენ დაასახელებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, ეს ძალიან კარგია. მხარდამჭერის რეფორმა კონცეპტუალურად ძლიერი პროგრამაა. კონცეპტუალურად რეფორმატორები ვართ, მაგრამ ამ ყველაფერმა სოციალური მუშაკების დატვირთვა გაასამმაგა, მათი მხარდაჭერა კი, გარდა 2015 წელს ხელფასის 100-ლარიანი ზრდისა, არ მომხდარა. ანუ ის კარგი ამბავი, რომელიც გარეთ კარგად იყიდება და ჩვენც მოგვწონს, ამ ადამიანების ზურგზე გადადის“, - განაცხადა ანა აბაშიძემ.
ის ასევე შეეხო ფინანსირების საკითხსაც და აღნიშნა, რომ აუთვისებელი საბიუჯეტო სახსრები კვლავ პრობლემას წარმოადგენს.
„ვაფასებთ, რომ 2012 წელთან შედარებით 2019 წელს დაფინანსება იგივე არ არის, მაგრამ ამ გაზრდილ ხარჯებს აბსოლუტურად იგივე ეფექტი აქვს - ის ვერ აძლიერებს კონკრეტულ ბენეფიციარს. რატომ ხდება ისე, რომ მწირი დაფინანსების პირობებშიც კი თანხები უკან ბრუნდება? რატომ არსებობს აუთვისებელი თანხები? ბევრი მილიონი ისევ უკან რატომ ბრუნდება? ჩემი აზრით, ეს ისევ მენეჯმენტის პრობლემაა. ეს პრობლემა წლების წინაც გქონდათ, რის გამოც რამდენიმე ადამიანი სამსახურიდანაც გაათავისუფლეთ. დღეს რატომ ხდება იგივე?“ - აღნიშნა აბაშიძემ.