ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურ მუშაკებსა და უწყებას შორის შრომითი მედიაციის ხელშეკრულებას ვადა დღეს გაუვიდა, თუმცა მისი გაგრძელება შეიძლება. ამის შესახებ მინისტრმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
„შრომითი მედიაციის ხელშეკრულებას დღეს გაუვიდა ვადა, მაგრამ ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაგრძელება შეიძლება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ საკმარისი პასუხები მოვისმინეთ იმისთვის, რომ დიალოგი გაძლიერდეს და არა სეგრეგაცია“, - განაცხადა მან.
პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალურ მუშაკებს შორის მედიაციის ვადები ამოიწურა და კანონი მათ გაფიცვის საშუალებას აძლევს. რაისა ლიპარტელიანის თქმით, გაფიცვა სოციალური მუშაკების იდეაფიქსი არ არის და ისინი ორმხრივ ფორმატში შეხვედრას ითხოვენ.