დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში 6-7 მარტს C ჰეპატიტის ელიმინაციის მეექვსე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC), ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გაიმართება.
ამასთან, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, აშშ საელჩოს საქართველოში, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გილეადის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან.
„C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა 2015 წელს აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC), კომპანია „გილეადთან“ და ჯანმოსთან თანამშრომლობით. შეიქმნა პროგრამის სტრატეგიული გეგმა (2016-2020), სადაც განსაზღვრულია პროგრამის ძირითადი მიმართულებები - როგორიცაა ცნობიერების ამაღლება, ეპიდზედამხედველობა, პრევენცია, სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
დღეისათვის არსებული მონაცემებით, განხორციელდა 1.3 მილიონი ადამიანის სკრინინგით მოცვა C ჰეპატიტზე, 53 000-ს ჩაუტარდა მკურნალობა თანამედროვე ანტივირუსული პრეპარატებით და 98.2% განიკურნა. პროაქტიური სკრინინგის გაძლიერება და მკურნალობაში ჩართულობის გაზრდა კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტებად.
C ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხების განსახილველად, საქართველოში ყოველწლიურად იმართება ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა: პირველი, C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სამუშაო შეხვედრა მარტში და მეორე, ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა - ნოემბერ-დეკემბერში. ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ბოლო, რიგით მეოთხე, შეხვედრის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებულ იქნა 2019-2020 წლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალური სამოქმედო გეგმა, რომლის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს წარმოადგენს პროგრამული სერვისების დეცენტრალიზაცია და ზიანის შემცირების სექტორის ინიციატივები, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ელიმინაციის მიზნის მიღწევაში.
სწორედ ამ შეხვედრის მთავარი განხილვის თემას წარმოადგენს აღნიშნული გეგმის შეფასება და სერვისთა დეცენტრალიზაციის განხილვა“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები გადადგა.
„გაძლიერდა ინფექციის კონტროლისა და პრევენციის სისტემა სამედიცინო და არასამედიცინო დაწესებულებებში, საგულისხმო ნაბიჯები გადაიდგა ზიანის შემცირების მიმართულებით, გაუმჯობესდა ეპიდზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი უსაფრთხო სისხლის პროგრამაში, გაძლიერდა მუშაობა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით, დაიხვეწა ელექტრონული საინფორმაციო სისტემა, და ა.შ.
მთავრობის ერთ-ერთი შემდგომი ინიციატივაა მკურნალობის სერვისის დეცენტრალიზაცია პირველადი ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების ქსელში, რომლის მიზანია პროგრამული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის მკურნალობის პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.