მამუკა ბახტაძე - შევძელით გვესაუბრა იმ დიდ წინსვლაზე, რაც ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის  ფართო სპექტრს შეეხება

„შევძელით გვესაუბრა იმ დიდ წინსვლაზე, რაც ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრს შეეხება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს მე-5 შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მაღალი დონის დელეგაცია საქართველოდან სტუმრობს ბრიუსელს. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის პირველი და ძალიან წარმატებული ვიზიტი შედგა ბრიუსელში. ეს აღმავალი დინამიკა ცხადყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობები დინამიურად და ინტენსიურად ვითარდება. უდავოდ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და შევძელით გვესაუბრა იმ დიდ წინსვლაზე, რაც ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრს შეეხება. განვიხილეთ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელება. საქართველო განაგრძობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური სისტემების გარდაქმნას, რათა ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს შეუსაბამოს ისინი. პირველი მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის გასული წლის ნოემბერში შედგა. მან ახალი დინამიკა შესძინა ჩვენს თანამშრომლობას და ასოცირების პროცესიც დააჩქარა. მან შესანიშნავი ფორმატი შექმნა ახალი იდეებისა და ინიციატივების განსახილველად. შევთანხმდით, რომ გულდასმით დავაკვირდებით ჩვენი დიალოგის ყველა სხვა ფორმატში მიღებულ შედეგს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

მისი თქმით, დღეს განხილულ ყველა თემასთან ერთად მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის საკითხზეც.

„დღეს განხილულ ყველა დადებით თემასთან ერთად შევეხეთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის საკითხს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ყველა შემთხვევაზე - მათ შორის ჩვენი მოქალაქეების ბრუტალურ მკვლელობებზე - ჩვენს ერთობლივ პასუხს.. განვიხილეთ ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მისი განხორციელების მნიშვნელობა. მტკიცედ გვწამს ხალხთაშორის ურთიერთობების და მსგავსი ინიციატივების საშუალებით მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. განვიხილეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მექანიზმი. ვაფასებთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისადმი. საქართველოს მონიტორინგის მისიის შენარჩუნების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მედიაციის ძალისხმევის გზით ევროკავშირს ნაკისრი აქვს ვალდებულება და ქვეყანას მხარს უჭერს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გზით, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. განვიხილეთ ასევე საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის დახვეწის პროცესში მიღწეული წინსვლა, უვიზო მიმოსვლის უხარვეზო ფუნქციონირების უზრუნველმყოფი ნაბიჯები და ზომები. ეს მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა ძლიერი მასტიმულირებელი ფაქტორი აღმოჩნდა საქართველოს ევროპული გზის კონტექსტში და ვაპირებთ ჯეროვნად გამოვიყენოთ. ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები სტაბილურად იზრდება და ვითარდება. ჩვენი მეწარმეები დიდ სარგებელს იღებენ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით მონიჭებული შესაძლებლობებით. დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული ნაბიჯები განვიხილეთ ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის წარმოჩინებისთვის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. შეხვედრაზე წარმოვადგინეთ ევროკავშირში ინტეგრაციის ჩვენეული საგზაო რუკა, რომელიც ჩვენი რეფორმების კონსოლიდაციას ახდენს, თანამშრომლობის ყველა იმ ინსტრუმენტთან ერთად, რაც დააჩქარებს და დააწინაურებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ძალიან პროდუქტიულად გავცვალეთ იდეები დარგობრივი თანამშრომლობის შესახებ. დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას და ჩართულობას საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით, განსაკუთრებით პროფესიული განათლების ნაწილში. ხარისხიანი განათლება აუცილებელია ადამიანური კაპიტალის ჩამოსაყალიბებლად. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში და ადამიანური კაპიტალის შექმნაში ინვესტიციებით მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. განვიხილეთ ასევე საერთაშორისო კავშირების საკითხი და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, რკინიგზის მოდერნიზების პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, საქართველოს აეროპორტებში სატვირთო ტერმინალის მშენებლობის და სხვა მსგავსი პროექტების შემუშავებისა და მშენებლობის მასშტაბების გაზრდის გზები“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქართული მხარე მიესალმება ევროკავშირის ძალისხმევას საქართველოს ინფრასტრუქტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციის მოზიდვის მიმართ, რასაც „ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო გეგმის“ სახე მიეცა.

„ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოტენციალს რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესში. ყურადღება გავამახვილეთ ასევე შავი ზღვის აუზში გაზრდილი საერთაშორისო კავშირების საჭიროებასა და აქტუალურობაზე. ეს ხელს შეუწყობს და გაზრდის ევროკავშირის ვაჭრობას ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, რაც უკეთეს წვდომას მისცემს ასევე რეგიონში მეწარმე ევროპულ კომპანიებსაც. ასევე მივესალმებით უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობის დინამიკას. სანდო მოკავშირის რანგში ვალდებულება გვაქვს ნაკისრი ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი