ზაალ უდუმაშვილი - გარდა თავისუფალი ბიზნესისა, ივანიშვილის თავდასხმის ობიექტია თავისუფალი მედიაც

გარდა თავისუფალი ბიზნესისა, ივანიშვილის თავდასხმის ობიექტია თავისუფალი მედიაც. საჭიროა საზოგადოების ერთიანობით დავიცვათ ტელეკომპანია „პირველი“, რათა წინ აღვუდგეთ ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც უდუმაშვილი აცხადებს, მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილი წერილით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ივანიშვილის მიზანია, დააკნინოს და ხელში ჩაიგდოს ქვეყანაში არსებული ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი“.

„გარდა თავისუფალი ბიზნესისა, ივანიშვილის თავდასხმის ობიექტია თავისუფალი მედია. წერილის თანახმად კიდევ ერთხელ იკვეთება, რომ სამიზნეა ტელეკომპანია „პირველი“ და ასევე, ივანიშვილს სურს გააკონტროლოს სრულიად არაპოლიტიკური არხი „არტარეა“. ამ წერილშივე კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზნების მსახურია და იცავს მხოლოდ ივანიშვილის პირად ინტერესებს. ამავე დროს, ამ წერილით დასტურდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლების არჩეული გზა იყო არა თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკური კონკურენცია, არამედ ზეწოლა, დაშინება, შანტაჟი არჩევნების გაყალბების მიზნით, მათ შორის, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის გამოყენებითაც.ის, რაც აქამდე ცნობილი იყო, დღეს ფაქტობრივად დოკუმენტურად დადასტურდა. ივანიშვილის მიზანი არ არის სახელმწიფოს წინსვლა და მისი განვითარება და მისი მიზანია, დააკნინოს და ხელში ჩაიგდოს ქვეყანაში არსებული ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი და მოახდინოს ძალაუფლების სრული მონოპოლიზება, მთლიანად გააქროს კრიტიკული აზრი ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე კიდევ უფრო მეტი სიმდიდრე მიიღოს“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და თალაკვაძე ტყუილში დაადანაშაულა.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ უმრავლესობის ლიდერის სრულიად თავხედური განცხადება, სადაც მან თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის დღიდან „რუსთავი 2“ შეუფერხებლად საქმიანობას. ამაზე მე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს, ბატონმა არჩილ თალაკვაძემ თვალებში ჩამხედოს მეც და თვალებში ჩახედოს „რუსთავი 2“-ის ათასამდე თანამშრომელს, როდესაც ასეთ უტიფარ ტყუილს კადრულობს. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ შეტევას ახორციელებდა ივანიშვილის რეჟიმი „რუსთავი 2“-ზე, თუმცა მაშინ საზოგადოების აქტიურობის, ჩვენი პარტნიორების და რაც მთავარია, სტრასბურგის სასამართლოს ძალიან პრინციპული პოზიციის შედეგად თავისუფალმა სიტყვამ გაიმარჯვა. ახლაც საჭიროა საზოგადოების ერთიანობით დავიცვათ ტელეკომპანია „პირველი“, რათა წინ აღვუდგეთ ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას. როგორც არასდროს, ახლა საჭიროა საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის სრული კონსოლიდაცია ფორმულით - ყველა მინუს ერთი, რათა ერთიანი ძალისხმევით გავისტუმროთ ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებიდან“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს