„ჯეოჰოსპიტალსის“  დირექტორი  სოციალური  მომსახურების  სააგენტოსთან  დავის დეტალებს  განმარტავს

აქ საუბარი არაა შეგნებულად დაშვებულ შეცდომაზე, ესაა სისტემური ხარვეზი, რომელიც დარეგულირებას საჭიროებს. კლინიკები იმის გამო დაჯარიმდნენ, რომ ბენეფიციარები ხარვეზებით იყო დარეგისტრირებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა სოფო გასიტაშვილმა განუცხადა.

„ჯეოჰოსპიტალსი“ ერთ-ერთია იმ კლინიკებს შორის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ, მთავრობის 36 დადგენილების პირობების შეუსრულებლობისთვის ჯამში 56 მლნ ლარის ოდენობით დააჯარიმა.

როგორც კლინიკის დირექტორი განმარტავს, დაჯარიმების მიზეზი დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზები გახდა , თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კლინიკა პაციენტებს მომსახურებას არ უწევდა. მთავარი პრობლემა კი ამ შემთხვევაში იმ დადგენილების დებულებების ბუნდოვანებაშია, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არეგულირებს.

„დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ ნამდვილად ვემსახურებოდით ბენეფიციარებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ცხადია არსებობს და სასამართლოშიც გვქონდა წარდგენილი. მთავარი პრობლემა, რასაც სამედიცინო დაწესებულებები და თავად სამინისტროც აღიარებს ისაა, რომ მთავრობის 36-ე დადგენილება შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერებს, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მაგალითად, შესაძლოა იმის გამო დაეკისროს ჯარიმა კლინიკას, რომ დოკუმენტის შევსებისას დაშვებულია ორთოგრაფიული შეცდომა ადამიანის სახელის დაწერისას, დაახლოებით ასეთი ტიპის დარღვევებზეა დავები და ეს არ გულისხმობს იმას, რომ პაციენტებს მომსახურება არ გაეწიათ“, - აცხადებს გასიტაშვილი.

გასიტაშვილის განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში „ჯეოჰოსპიტალსი “ ერთ ბენეფიციარზე თვეში საშუალოდ 1 ლარსა და 20 თეთრს იღებს. ბენეფიციარები კი ის პაციენტები არიან, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან კლინიკაში და საკუთარი სურვილით თანხმობას აცხადებენ, რომ სამედიცინო მომსახურების სერვისი კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში მიიღოს.

„2016 წლის პირველ აპრილამდე არ იყო კონკრეტული წესი ბენეფიციარის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. არ იყო მარეგულირებელი დოკუმენტი ან ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებოდა ბენეფიციარის მიერ განაცხადის დაწერის ფორმა. 2016 წლის პირველი აპრილის შემდგომ მთავრობამ შემოიღო მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელშიც არის სპეციალური ველები და ამ დოკუმენტის შევსებისა და ხელმოწერის შემდეგ ითვლება ადამიანი ბენეფიციარად. შესაბამისად, ამ ცვლილებამდე შევსებულ დოკუმენტაციაში იყო ხარვეზები. რამდენჯერ მიმართავს ბენეფიციარი და რა მომსახურებას ჩაიტარებს არ მოქმედებს დაფინანსების მოცულობაზე, შესაბამისად ზედმეტად არასაჭირო მომსახურების გაწევა იმ მიზნით, რომ ბიუჯეტიდან მეტი თანხა მიიღოს კლინიკამ, შეუძლებელი და აზრს მოკლებულია,“-აცხადებს გასიტაშვილი.

ჯანდაცვის სამინისტრომ „ჯეოჰოსპიტალსს“ 3 მლნ ლარის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა, რაც კლინიკის დირექტორის თქმით, პროგრამის ფარგლებში მიღებულ თანხაზე ბევრად მეტია. მისივე თქმით, ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით მთავრობამ დაკისრებული ჯარიმები გააუქმა, თუმცა კლინიკას თანხა თითქმის უკვე სრულად აქვს ანაზღაურებული მიუხედავად მიმდინარე სასამართლო პროცესებისა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული ჯარიმა 3 მლნ უკვე თითქმის სრულად გადავიხადეთ. ჩვენს შემთხვევაში გადასახდელი თანხა 1 მლნ ლარით შემცირდა, თუმცა აქ პრობლემა არის ის, რომ სასამართლოში დავის არსებობის მიუხედავად, მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილების აღსრულება“, - აცხადებს გასიტაშვილი.

მისივე თქმით კლინიკას ჯანდაცვის სამინისტროს დაახლოებით 16 აქტი აქვს გასაჩივრებული, რომელთა განხილვა სხვადასხვა ეტაპზეა. სასამართლომ სამინისტროს რამდენიმე აქტი ბათილადაც სცნო. ამასთან, სხვა კლინიკებსაც გაუქმებული ჯარიმის ნაწილი გადახდილი აქვთ და უკან არ დაბრუნებიათ.

მისი თქმით, პრობლემის გადაჭრის გზაა იმის დაზუსტება და დაკონკრეტება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში რა ითვლება დარღვევად.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში ადასტურებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დავა სამედიცინო დაწესებულებებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის ჯარიმებსა და მათ ოდენობაზე, თუმცა სააგენტოში არ აკონკრეტებენ რომელ კლინიკებზეა საუბარი.

ამასთან, უწყების მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მთავრობის გადაწყვეტილებით კლინიკებს ეპატიათ 30 მლნ ლარზე მეტი და ამ ეტაპზე მათ მომსახურების ანაზღაურებული თანხიდან დასაბრუნებელი აქვთ დაახლოებით 13 მლნ. ლარი.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ პირველადი ჯანდაცვის მომსახურებასთან დაკავშირებით, კლინიკებს თანხა ბენეფიციართა რაოდენობის მიხედვით ერიცხებათ და არა გაწეული მომსახურების მიხედვით, შეეძლოთ თუ არა კლინიკებს არასაჭირო მომსახურების გაწევა დამატებითი თანხების მიღების მიზნით ან იმ პირობებში,რომ კლინიკებს მომსახურება აქვთ გაწეული ბენეფიციარებისთვის, რამდენად ადეკვატურია სამინისტროს მხრიდან მათთვის თანხის მთლიანად დაბრუნების მოთხოვნა და ამასთან ორმაგი ჯარიმის ოდენობის დაკისრება, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ: „სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია მთავრობის დადგენილების პირობების შესრულებაზე, შესაბამისად ამ პირობების მიზანშეწონილობაზე კომენტარის გაკეთება სცილდება ჩვენი კომპეტენციის სფეროს.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა