ფოთში  გაერთიანებული სამშობიარო სახლის სამეანო  განყოფილებას საქმიანობის უფლება შეუჩერდა

ფოთში გაერთიანებული სამშობიარო სახლის სამეანო- ნეონატოლოგიურ განყოფილებას საქმიანობის უფლება შეუჩერდა. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ მიიღო.

სამშობიარო სახლის ნეონატოლოგის რუსუდან დიასამიძის თქმით, გადაწყვეტილების თანახმად მედპერსონალს მშობიარის მიღება ეზღუდება, მათ შორის გადაუდებელ შემთხვევაშიც. ექიმები ამბობენ, რომ სამშობიარო სახლი კერძოა და საკუთარი ძალებით შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ. ისინი დახმარებას ითხოვენ.

„სამშობიარო სახლს ლიცენზია შეჩერებული არა აქვს, მხოლოდ შეჩერდა სამეანო-ნეონატოლოგიური განყოფილების მუშაობა, ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება მივიღოთ არამარტო ფიზიოლოგიური მშობიარობა და მელოგინეები, არამედ გავუწიოთ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებაც. სამშობიარო სახლს პერინატალური რეგიონალიზაციის დონეების მიხედვით მინიჭებული ჰქონდა პირველი დონე. ამ დონის მიღებაში უდიდესი დახმარება გაგვიწია ფოთის ბიზნესსექტორმა. 2 წელი სამშობიარო სახლი გამართულად ფუნქციონირებდა. ცხოვრება წინ მიდის, ჩვენს წინაშე სხვა მოთხოვნები დადგა, რომლის გადაწყვეტაც ძალიან გაგვიჭირდა. გაგვიჭირდა იმიტომ, რომ კერძო სექტორი ვართ და იმ პირველმა დონემ განაპირობა ის, რომ ამას მოჰყვა როგორც მაღალი რისკის ორსულების, ასევე ფიზიოლოგიური მელოგინეების გადინება. ამ გადინებამ ფინანსური პრობლემები შექმნა. შესაბამისად გვიჭირდა მომსახურე მედპერსონალის შენახვაც. ჩვენს გვერდით დგას ჯანდაცვის სამინისტრო, თვითმმართველობა, მაგრამ იურიდიულად მას არ შეუძლია ფინანსური დახმარება გაგვიწიოს, რადგან კერძო სექტორი ვართ. გამოსავალი ინვესტორის მოძებნაა. თუ ამაში ვინმე დაგვეხმარება, ეს იქნება საშვილიშვილო საქმე,“- აღნიშნა რუსუდან დიასამიძემ.

ფოთის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მაია მაკალათიას თქმით, სამეანო- ნეონატოლოგიურ განყოფილება სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე „ევექსთან“ მიმდინარეობს.

„სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს კერძო საკუთრებაა და აღმასრულებელ ხელისუფლებას მასში ჩარევის უფლება ნამდვილად არა აქვს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ ხელისუფლებას ხშირი მიმოწერა ჰქონდა შესაბამის უწყებასთან და დეტალურად ვიცით არსებული სიტუაცია. სამწუხაროდ, ისინი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. სამშობიარო სახლის სამეანო- ნეონატოლოგიურ განყოფილების დახურვის შესახებ ფოთის მაჟორიტარიც ინფორმირებულია. ყველანი ჩართული ვართ ამ პროცესში, რომ სამართლებრივადაც მოგვარდეს ეს საკითხები, ამ ეტაპზე მოლაპარაკება „ევექსთან“ მიმდინარეობს“,-აღნიშნა მაია მაკალათიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე